სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ეხებოდა საქართველოში ბიზნესის თავისუფლებას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლება არის შეზღუდული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბიზნესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 2012 წელს მე-11 პოზიციაზე იყო, 2023 წელს კი უკვე 35-ე ადგილზეა და თუ ბიზნესთან არსებული პოლიტიკა გაგრძელდება, ეკონომიკაში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუარესდება.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ეხებოდა საქართველოში ბიზნესის თავისუფლებას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლება არის შეზღუდული და ამას ერთი მხრივ ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, მათ შორის ბიზნესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, როდესაც ჩვენ 2012 წელს ვიყავით მე-11 პოზიციაზე, დღეს 2023 წელს ვართ უკვე 35-ე ადგილზე და ეს ტენდენცია არის განგრძობადი. ანუ თუ ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ პოლიტიკას ბიზნესთან, ეკონომიკაში ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუარესდება, რაც პირდაპირ არის კავშირში სიღარიბესთან, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვასთან და ეკონომიკურ კეთილდღეობასთან. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლის საკითხს, არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები ადასტურებს კონკრეტულ მოცემულობას და ეს მოცემულობა ასახულია ციფრებში, მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ „იბიარდის“ კვლევა. მას შემდეგ, რაც რუსეთს დაუწესდა დასავლური სანქციები მხოლოდ რამდენიმე თვე განიცადა რუსეთმა კრიზისი შიდა მოხმარების ბაზარზე და მას შემდეგ, რაც პუტინის ტერორისტულმა რეჟიმმა დაუშვა ე.წ პარალელური იმპორტის სქემა, ანუ მესამე ქვეყნებიდან ყველა იმ სანქცირებული პროდუქტის შეტანა საკუთარ ბაზარზე, გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან სომხეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში და რუსეთში - გაიზარდა ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემცირების პარალელურად. ეს არის მათემატიკური მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ ე.წ პარალელური იმპორტის სქემით რუსეთმა აღადგინა საკუთარ ბაზარზე სანქცირებული პროდუქციების შემოტანა. საქართველო ამ შემთხვევაში გამოყენებულია როგორც მთავარი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რომ არა საქართველოს მთავრობის გულგრილობა, რომ არა საქართველოს მთავრობის ნება, რომ აღნიშნული სქემა ფუნქციონირებდეს და იყოს მოქმედებაში, რუსეთი დასავლურ სანქციებს გვერდს ვერ აუვლიდა. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არღვევს სანქციებს, არის არასწორი ინფორმაცია, არასწორად ინტერპრეტირებული, საქართველო არის მთავარი ლოგისტიკური ცენტრი. არაერთი გახმაურებული სხვადასხვა ფაქტი არსებობს, სადაც ერთი მხრივ საუბარია სანქცირებულ პროდუქტზე, რომელიც იმპორტირებულია საქართველოში და მეორე მხრივ საქართველოს გამოყენებით, ექსპორტით შედის რუსეთში. ამას ადასტურებს „დოიჩ ველეს“ ჟურნალისტური საგამოძიებო ფილმი, ამას ადასტურებს სანქციებზე მომუშავე ორგანიზაციები და ეს დასტურდება ფაქტებით, რომელი ფაქტებიც ასახულია სტატისტიკურ მაჩვენებლებში“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.