სპეცრაზმელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იმ კამპანიასთანაა დაკავშირებული, რასაც ხელისუფლება ზოგადად, აგვისტოს ომთან და აგვისტოს ომის გმირებთან დაკავშირებით აწარმოებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდებულებიდან რამდენიმე სპეცრაზმელს იცავს.
როგორც ბექა ბასილაია განმარტავს, ყველა დაკავებული აგვისტოს ომის ვეტერანია. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არაერთხელ არიან დაკითხული და ჩვენებაც მიცემული აქვთ, რასაც ადვოკატის განმარტებითვე, პროკურატურა აქამდე იზიარებდა.
„საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება რთულია, თუმცა, ხელის გულზე ჩანს და ნათელია, რომ ეს მორიგი, პროპაგანდული საქმეა ხელისუფლების მხრიდან და ამ შემთხვევაში, სამიზნეში ქართველი ჯარისკაცები, ქართველი სპეცრაზმელები ამოიღეს, რომლებმაც 2008 წლის ომში რუსეთის აგრესია შეაკავეს და რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად საქართველოს ინტერესებს რუსეთთან ომში იცავდნენ. ყველა დაკავებული სპეცრაზმელი აგვისტოს ომის ვეტერანია. რაც შეეხება უშუალოდ წარდგენილ ბრალდებას და საქმეს, ამ საქმეზე, ეს პირები არაერთხელ დაიკითხნენ, ჩვენება მისცეს, რომელსაც ფაქტობრივად, პროკურატურა იზიარებდა. 2023 წლამდე, მთელი 11 წლის მანძილზე დევნა არავის მიმართ არ დაუწყიათ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, მათ ჩვენებებს პროკურატურა იზიარებდა, მითუმეტეს, სტრასბურგის გადაწყვეტილება 3 წლის წინ იყო მიღებული და ამ 3 წლის მანძილზე არავის მიმართ არ ჰქონდათ დევნა დაწყებული. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიერ გაჟღერებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ეთანხმებოდა. შესაბამისად, დღესდღეობით, მათ წინააღმდეგ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იმ კამპანიასთანაა დაკავშირებული, რასაც ხელისუფლება ზოგადად, აგვისტოს ომთან და აგვისტოს ომის გმირებთან დაკავშირებით აწარმოებს. გვახსოვს, აჭარის მთავრობის შეურაცხმყოფელი განცხადებები ქართველი გმირების მიმართ, ომის მონაწილეების მიმართ, გვახსოვს სხვადასხვა განცხადებები, როცა ქართულ მხარეს და ქართულ სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ამტყუნებდნენ. ამ პიარის გაგრძელებაა სპეცრაზმელებისთვის დღევანდელი ბრალდებების წარდგენა, მითუმეტეს, უკრაინა-რუსეთის ფონზე, როცა უკრაინა წარმატებულ კონტრშეტევებს ახორციელებს აგრესორი სახელმწიფოს, საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ. უფრო მეტ დეტალს, საქმის შინაარსთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ფიზიკურად ვერ მოგახსენებთ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალები ჯერ გადმოცემული არ გვაქვს“, - განაცხადა ბასილაიამ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სწორედ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა, რომლის საფუძველზეც ხელახალი გამოძიება დაიწყო, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ „სტრასბურგის გადაწყვეტილებას სპეცრაზმელების წინააღმდეგ დევნის დასაწყებად საბაბად იშველიებენ“.
„ამასთან დაკავშირებით მარტივ პასუხს გაგცემთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როცა მოქალაქე წარადგენს სარჩელს, მოპასუხე სახელმწიფოა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე საქართველო იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო, რომელიც წარდგენილ სარჩელს უარყოფდა ანუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობას ეჭირა პოზიცია, რომ არც ერთი უფლება დარღვეული არ იყო. ამ ვითარებაში რადიკალური ცვლილება პოზიციის, კითხვის ნიშნებს აჩენს. ერთი მხრივ, სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ უფლებების დარღვევა არ მომხდარა და დღეს ამბობენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუნათდათ გონება? როცა 2020 წელს იყო ეს გადაწყვეტილება, იქიდან დღემდე 3 წელია გასული. ამ 3 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებიათ, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას საბაბად იშველიებენ სპეცრაზმელების წინააღმდეგ დევნის დასაწყებად“, - განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 8 პირია დაკავებული, ორი პირის - იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება. ბრალდებული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.