საქართველოს ნებართვის გარეშე შეუძლებელია სოხუმის აეროპორტმა საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი მიიღოს - თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია მაინც შეასრულებს ფრენებს, წინააღმდეგობაში მოვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებთან და აღნიშნული გახდება საფუძველი იმისა, რომ მათ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა შეეზღუდოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, სოხუმს ნამდვილად ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი აეროპორტი.
„დიახ, ძალიან მალე, როცა აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სოხუმს ნამდვილად ექნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ლამაზი აეროპორტი და ის მოემსახურება მგზავრებს მთელი მსოფლიოდან. აფხაზეთი გახდება სამოთხე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქ იცხოვრებს და დასასვენებლად ჩავა, სოხუმი კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურისტული ქალაქი მსოფლიოში, ისეთივე როგორიც დღეს ბათუმია. ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მას შემდეგ, რაც დამარცხდება ბოროტების იმპერია, პუტინის ტერორისტული და კაცთმოძულე რეჟიმი, მას შემდეგ, რაც აფხაზეთი კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდება.გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი. აღნიშნული ქმედება ემსახურება კრემლის ინტერესებს, როგორმე გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს და შეინარჩუნონ მიტაცებული ძალაუფლება. აღსანიშნავია, რომ მანამ, სანამ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, სამწუხაროდ, ამის განხორციელება შეუძლებელია. საქართველოს ნებართვის გარეშე შეუძლებელია სოხუმის აეროპორტმა მიიღოს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი. ამას მკაცრად არეგულირებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიად აღიარებს. იმისთვის, რომ ICAO-მ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტს მიანიჭოს შესაბამისი კოდი, ამაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს ვარგისობის სერტიფიკატი და მუდმივ რეჟიმში განახორციელოს უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა, რაც ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია.მიუხედავად ამისა, თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია მაინც შეასრულებს ფრენებს, თუნდაც რუსეთის ტერიტორიიდან სოხუმის მიმართულებით, ის დაარღვევს საქართველოს კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” და წინააღმდეგობაში მოვა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებთან. აღნიშნული კი გახდება პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც იფრენენ არაღიარებულ სოხუმის აეროპორტში შეეზღუდოთ საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობა“, - აცხადებს ურუშაძე, რომლის განცხადებასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.