მშვიდობა, სტაბილურობა ჩინეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის, ამ რეგიონში, სადაც საქართველო არის საკვანძო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველო- ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დასავლელ მოკავშირეებთან საქართველოს ურთიერთობებს არ დააზიანებს და პირიქით, ამ თვალსაზრისით ქვეყანა "წამოეწევა დასავლელ პარტნიორებს."
"ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს ოთხივე მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით პირველ რიგში ხაზგასმულია ქვეყანათა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საკითხების მშვიდობიანად მოგვარება, რაც ჩვენთვის ასევე საგანგებოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩინეთისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველო ყველა დოკუმენტში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც, მოხსენიებულია როგორც შუა დერეფნის განსაკუთრებული მონაკვეთი. კულტურული, ხალხთაშორისი ურთიერთობა, განათლების სფეროში ურთიერთობა ასევე საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამშრომლობა წამოეწევა გარკვეულწილად ევროპის თანამშრომლობას ჩინეთთან და ჩინეთი როგორც მსოფლიოში მეორე ეკონომიკა გასათვალისწინებელი ფაქტორია, როცა ამხელა დონის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ. მშვიდობა, სტაბილურობა ჩინეთისთვის არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის, ამ რეგიონში, სადაც საქართველო არის საკვანძო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
ბევრ ქვეყანასთან აქვს ჩინეთს პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანასთან და პირდაპირ ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგის შეთანხმება არსებობს ჩინეთთან, ამიტომ არათუ დააზიანებს (ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან ჩვენს მეგობრობას დასავლელ მოკავშირეებთან) არამედ ჩვენ წამოვეწევით დასავლელ პარტნიორებს ჩინეთთან ურთიერთობის ამ მიმართულებით,"- განაცხადა ვოლსკიმ.