ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და გაგიკვირდებათ და უკრაინასთან. რომელიმე ჩვენი ხელმოცარული ამაზე აღშფოთდა?! - ნახევარი ევროპა სტრატეგიულ ურთიერთობაშია ჩინეთთან, - ასე ეხმიანება საქართველო - ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს.
„ხელმოცარულები ჩვენს ოპოზიციაში სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს, რომ "აი რა დროს ჩინეთთან ურთიერთობაა, როცა ევროკავშირი"... სინამდვილეში ელემენტარულად სტატისტიკა უნდა აიღოთ და ნახოთ - ევროკავშირის საგარეო ვაჭრობა ჩინეთთან 800 მილიარდ დოლარს აღემატება. 2012 - ში იყო დაახლოებით 300 მილიარდი და ახლა დაახლოებით 800- ს აღემატება. გარდა ამისა ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციონერები და მათი ტელევიზიები როცა ამბობენ, რა დროს სტრატეგიული თანამშრომლობააო, აღმოჩნდა, რომ ჩინეთს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, პოლონეთთან და გაგიკვირდებათ და უკრაინასთან. რომელიმე ჩვენი ხელმოცარული ამაზე აღშფოთდა? - არა, რადგან მათი ამოცანაა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეხმიანება და მიესადაგება, გააქილიკონ, რის საშუალებასაც ჩვენ არ მივცემთ, რადგან არის ღვთის წყალობით შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივცეთ და ანალიზს თვითონ გააკეთებენ. ნახევარი ევროპა არის სტრატეგიულ ურთიერთობაში ჩინეთთან და პლუს ვაჭრობა ევროკავშირს და ჩინეთს შორის 800 მილიარდს ასცდა მიმდინარე წელს,"- განაცხადა ზარქუამ.