აჭარის უმაღლესმა საბჭომ, რიგგარეშე სესიაზე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი 12 ხმით დაამტკიცა

მილიარდიანი ბიუჯეტი უკვე აღარ არის შორეული პერსპექტივა, რეგიონში სტაბილური ეკონომიკური და ბიზნესგარემოს არსებობა ამის საფუძველს ქმნის - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილების განხილვისას განაცხადა.

პლენარულ სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა.

ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ბიუჯეტი 65 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 600 მილიონს აჭარბებს. ამასთან, ცვლილებები რეგიონში არსებულმა სტაბილურმა ეკონომიკურმა და ბიზნესგარემომ, შემოსავლების ზრდამ, ტურიზმისა და სხვა საბიუჯეტო პარამეტრების დადებითმა დინამიკამ განაპირობა.

მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების პარალელურად, იზრდება ყველა მხარჯავი ორგანიზაციის, სტუდენტების დაფინანსება, სპორტის დეპარტამენტის ბიუჯეტი, დაიწყება ახალი საგანმანათლებლო და სპორტული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები და სხვა.

32 მილიონით იზრდება მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა, საგრძნობლად მზარდია ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების დაფინანსებაც. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი მაქსიმალურადაა მორგებული მოსახლეობის ინტერესებსა და დღეს არსებული გამოწვევების დაძლევაზე.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, 12 ხმით, დამტკიცდა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება