პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ 28-29 ივნისს ყურბან ბაირამის გამო პარლამენტში სხდომებს ვერ დაესწრო, რისთვისაც, ის დააჯარიმეს. როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ამ ფაქტს სასამართლოში გაასაჩივრებს, საშემოდგომო სესიაზე კი პარლამენტში შეიტანს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოითხოვს უქმე დღედ გამოცხადდეს რელიგიური უმცირესობების დღესასწაულებიც. მისივე ინფორმაციით საუბარია 6 დღის უქმედ გამოცხადებაზე.
„როგორც ცნობილია, 28 ივნისს იყო მუსლიმური დღესასწაული ყურბან ბაირამი, მე 27 ივნისს პლენარულ სხდომაზე განვაცხადე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დღესასწაული, არ დავესწრებოდი 28-29 ივნისის პლენარულ სხდომებს და შესაბამისად, დავაფიქსირე აზრი, რომ აუცილებელია საკანონმდებლო სივრცეში მოწესრიგდეს ეს დისკრიმინაციული ნორმა, თუ ერთი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობა რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავს და აქვს ადამიანებს უფლება, რომ ეს დღესასწაული გაატარონ თავიანთ სახლებში და უქმედ იყოს გამოცხადებული, სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვანი დღესასწაულები უქმედ იქნას გამოცხადებული. მე რა თქმა უნდა დამაჯარიმეს ჩემი ხელფასის 10 პროცენტით და შესაბამისად, ეს არის ფაქტი დისკრიმინაციის გაგრძელების, რომელიც ზოგადად ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გვაქვს. რა თქმა უნდა, მე ამ ფაქტს გავასაჩივრებ სასამართლოში, ამავდროულად, საშემოდგომო სესიაზე შევიტან საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც საქართველოში მცხოვრებმა სხვადასხვა რელიგიურმა და ეთნიკურმა ჯგუფებმა უნდა ისარგებლონ საკუთარი დღესასწაულებით. ეს არის დაახლოებით 6 დღე სხვადასხვა რელიგიური უმცირესობებისთვის, იმედი მაქვს პარლამენტის წევრები დაუჭერენ მხარს ამ ინიციატივას,"- განაცხადა ნაკაიძემ.