რაც ხაბეიშვილმა და სხვა პოლიტიკოსებმა გაკეთეს პოლიციელების მიმართ, ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური?, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბათუმში სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
სანდრო რაქვიაშვილის თქმით, საზოგადოების ბრაზი სრულიად ლეგიტიმურია, თუმცა პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან ხდება მიზანმიმართული ისტერიის აწევა, რის გამოც რეალურ პრობლემებზე საუბარი ვეღარ ხდება.
„ადამიანების ბრაზი სრულიად ლეგიტიმურია, კარგიცაა და მეც კმაყოფილი ვარ იმით, რომ ასეთ რაღაცას პასუხი გაეცემა. ეს ბრაზი მათ შორის იქიდან მოდის, რომ ხალხი დაუცველად გრძნობს თავს, ამიტომ ყველანაირ ასეთ სიმბოლურ ჟესტს უყურებს დამატებითი ეჭვებით, ეს ლოგიკურია.
ეს სიმბოლოების მიმართ წინააღმდეგობაა, მაგრამ ამის შემდეგ პოლიტიკოსები გადიან და რაც ხაბეიშვილმა და სხვა პოლიტიკოსებმა გაკეთეს პოლიციელების მიმართ, ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური? ხალხი გაბრაზდა, შენ ხარ პოლიტიკოსი და გინდა, ეს ბრაზი პოლიტიკურ გზავნილში გადათარგმნო და რა გზავნილში თარგმნი? პოლიციის ოფიცერს, რომელიც ბათუმშია და შეიძლება არცაა ბათუმელი და სხვა რეგიონიდანაა შემოყვანილი იმიტომ, რომ უკეთესად დაარბიოს, როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმას ლანძღავ, ხან მონას ეძახი და ხან რაღაცას, ეს საერთოდ რა შუაშია?
ხდება მიზანმიმართული ისტერიის აწევა ამაზე. ისტერია რომ აიწევა, მერე ვერაფერზე ვეღარ ლაპარაკობ. შეუძლებელია დაიწყო ლაპარაკი, უსაფრთხოებაზე, პოლიციაზე. ამაზე ვერ ლაპარაკობ, სანამ ისტერია მიდის“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.