ყველა პროექტის სულის ჩამდგმელი ზის ციხეში, ხოლო ადამიანი, რომელმაც ქვა ქვაზე აღარ დატოვა, არის თავისუფლებაზე და უნდა, სააკაშვილი დასაჯოს - ამ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ და ანაკლია, ლაზიკა იქნება განვითარების ცენტრი, -
ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ანაკლიაში განაცხადა.
„გამარჯვების პლატფორმის“ პრეზენტაციის ფარგლებში, გიორგი ვაშაძე რამდენიმე აქტუალურ და მწვავე საკითხს შეეხო.
მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობასა და უმუშევრობის მაღალ დონეზე გაამახვილა.
მისივე თქმით, სავალალო მდგომარეობაა დემოგრაფიის მხრივაც.
შეხვედრაზე საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ლაზიკის“ კონცეფციასა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
როგორც იგი აღნიშნავს, სახელწოდება „ ლაზიკა“ მიხეილ სააკაშვილის იდეას წარმოადგენს, რომელიც მთლიანად საქართველოს უდიდეს ეკონომიკურ განვითარებას მოუტანდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, მოსახლეობას შეახსენა ის კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საერთოდ გაუქმდა.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ლაზიკის ღრმაწყლოვანი პორტი, ქუთაისის აეროპორტი, „აბრეშუმის გზა“ - ეს იმ პროექტთა არასრული ჩამონათვალია, რომლის ავტორიც მიხეილ სააკაშვილი იყო.
გიორგი ვაშაძემ ყურადღება გაამახვილა ბრიტანული სამართალის კონცეფციაზე, რომლის დანერგვასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოში აპირებდა.
საუბრის დასასრულს მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს სჯის, რადგან მას ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს აშენება სურდა:
„ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, დღეს საქართველოში N1 პრობლემა არის უმუშევრობა, ასობით ათას ადამიანს უწევს ემიგრაციაში წასვლა. განსაკუთრებით დიდია უმუშევრობა ახალგაზრდა ადამიანებში. 40% ახალგაზრდებისა არის დაუსაქმებელი. გასულ წელს, 125 000 ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და რაც ყველაზე მძიმეა, ამან მიგვიყვანა დემოგრაფიულ კატასტროფამდე. გასულ წელს, საქართველოში ისტორიულად დაბალი იყო შობადობის მაჩვენებელი. აი, ეს მოიტანა ივანიშვილ-კობახიძე-ღარიბაშვილის დაჯგუფებამ, რომელმაც არამხოლოდ ხელისუფლება მიიტაცა და ფულს აკეთებს, არამედ წაგვართვა პერსპექტივა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ძლიერ, ერთიან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ საქართველოში, აი ამას არ შევეგუებით. 2012 წელს სწორედ უმუშევრობის, ერთ-ერთი მთავარი პრობლემის საპასუხოდ, სააკაშვილის დავალებით, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებში, შეიქმნა ჯგუფები, რომლის ამოცანაც იყო, რომ შეგვექმნა ისეთი განვითარების პროექტი, რომელიც შექმნიდა სამუშაო ადგილებს და იქნებოდა სიღარიბის საბოლოოდ დამმარცხებელი და ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობისკენ. დავისახეთ მიზნად, რომ 2020 წლისთვის 300 000-მდე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი უნდა შეგვექმნა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა ახალი კონცეფცია „ლაზიკის“ სახით. აი, აქ, მთელი განმუხურიდან - ყულევამდე, უნდა გაშენებულიყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა - „ლაზიკის“ სახით. ლაზიკის სახელწოდება ეს იყო მიშას იდეა, ეს არის ღრმა ქართული ისტორიის ნაწილი. მოვიარეთ მთელი მსოფლიო, საუკეთესო გამოცდილებები შევისწავლეთ და 2012 წელს შევისწავლეთ კონცეფცია, რომელიც ამ ტერიტორიაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას გულისხმობდა, საწარმოო ჰაბის განვითარებას, ლოჯისტიკური ცენტრისა და ტურისტული ზონების განვითარებას. დავიწყეთ ინვესტორებთან საუბარი და არაერთი ინვესტორი ჩამოვიყვანეთ ამერიკიდან, ევროპიდან. რაც ყველაზე მთავარია, პირველი პრეცედენტი გვინდოდა შეგვექმნა, კონსტიტუციაში სპეციალური ცვლილება შევიტანეთ, რომ ყოფილიყო ბრიტანული სამართალი და პარალელურად უცხოელი მოსამართლეების მეშვეობით მოხდებოდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, არამხოლოდ სამოქალაქო, არამედ სისხლის სამართლის მიმართულებით. გარდა ამისა, სააკაშვილის უშუალო დავალებით, დაიწყო არაერთი მსხვილი პროექტი, როგორიცაა: რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, თბილისის შემოვლითი რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებილი მაგისტრალი, ბათუმის პორტი, სადაც რუსული გემები კი არ უნდა შემოსულიყვნენ, არამედ ევროპული და ამერიკული გემები. ფოთის პორტში, დამატებითი ტერმინალები უნდა აშენებულიყო, რომელიც ამ ქალაქისთვის ახალ შესაძლებლობებს მოიტანდა. მერიის აეროპორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო სატვირთო ფუნქციის მქონე, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი და რა თქმა უნდა, ლაზიკა - მთავარი საკითხი. ასევე ქუთაისის აეროპორტი, ისევ იქაა გაჩერებული, სადაც დავიწყეთ, არაფერი არ დამატებია. აი, ამ პროექტებიდან არცერთი არ არის რეალიზებული, თუ მათ ქვეყანა უყვართ, რატომ არ არის რომელიმე რეალიზებული? - იმიტომ, რომ მათ განვითარება არ უნდათ, უნდათ, რომ საქართველოდან ქართველები წავიდნენ და მოახდინონ ქვეყვნის რუსიფიკაცია. რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სანქციების დროს რუსული მარშრუტები დაიკეტა და მთელი ეს ყველაფერი უნდა გადმორთულიყო საქართველოსკენ. მაგრამ, ამ დროს ხდება სპეციალურად ხელისშეშლა იმისთვის, რომ ეს პროექტები აქ არ განხორციელდეს. ეს არის დაახლოებით ის, რომ 38 ტრილიონის ეკონომიკა უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. აბრეშუმის გზა, რომელიც თავის დროზე, დავით აღმაშენებელმა წარადგინა და ეს არის ის შესაძლებლობა, რომელსაც წინ ჩაუდგა რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელი „ქართული ოცნება“ და ბოლოს, მინდა ვთქვა ყველა ამ პროექტის ავტორი, სულისჩამდგმელი, დღეს ზის ციხეში, ხოლო ადამიანი, რომელმაც ქვა ქვაზე აღარ დატოვა 11 წლის მანძილზე, არის თავისუფლებაზე და უნდა, რომ სააკაშვილი დასაჯოს ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ მას უნდოდა ძლიერი ერთიანი საქართველო. ჩვენ ამ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ და ანაკლია, ლაზიკა იქნება განვითარების ცენტრი შავ ზღვაზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, მცხოვრებ ქართველებსაც ექნებათ არჩევანი ძლიერ საქართველოსთან ერთად თუ რუსულ ჭაობში“, - განახადა გიორგი ვაშაძემ ანაკლიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას.