კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, გახარიას პარტიამ, „ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ხალხი მთელი საქართველოდან ჩაიყვანა და 150 კაცი ძლივს მოაგროვა - რუსეთიდან ჩამოსულს ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ ეკითხება, უკვე პროვოკაციაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ საქართველოში შემოსვლასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მთელი საქართველოდან 150 კაცს რომ მოუყრი თავს, აჩვენებს იმას, რომ საზოგადოება არის საღ აზრზე.
„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის კანონი „ოკუპაციის შესახებ“ და ჩვენი ხელისუფლება ამ კანონის სათანადოდ და მყარად დაცვას უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში პროვოკაცია განხორციელდა. ბათუმში ხალხი მთელი საქართველოდან ჩაიყვანეს და 150 კაცი ძლივს მოაგროვეს. ეს იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამაში შედის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია, „ევროპული საქართველო“, ისინი იდგნენ იქ. მთელი საქართველოდან ამდენმა პარტიამ 150 კაცი ძლივს მოაგროვა, რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას აქვს რაციონალური მსჯელობის შესაძლებლობა, საშუალება, უნარი და ამის გამოა, რომ ვერავინ მიიყვანეს. მთელი საქართველოდან 150 კაცს რომ მოუყრი თავს, აჩვენებს იმას, რომ საზოგადოება არის საღ აზრზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რუსეთიდან შემოსულ ადამიანს ქართველი ჟურნალისტი ოკუპაციაზე რომ უსვამს კითხვას, ეს უკვე პროვოკაციაა.
„როცა შემოდის რუსეთიდან ადამიანი, დასდევს ჟურნალისტი და კითხვას უსვამს ამ თემაზე, უკვე პროვოკაციაა. სერბეთში რომ ჩავიდნენ, მაგალითად ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები, მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხოს კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან, რაც უთხრეს, იმას იმეორებენ. ეს არის რეალობა. მაგრამ როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება და ამ ადამიანებს კითხავს, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია. მხოლოდ ის ტელევიზიები აკეთებდნენ ამას, რომლებიც ეკუთვნიან „ნაციონალურ მოძრაობას“. გავიმეორებ, ყოველი საკრუიზო გემიდან სახელმწიფოს შემოსავალი არის 350 ათასი ლარი, რაც ცოტა არაა. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, ეკონომიკას ამით ვერ დააქცევენ, მაგრამ პატარა ზიანი მაინც მიაყენეს. პატარა ზიანის მისაყენებლად პატარა პროვოკაცია მოაწყვეს. რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა დიდი პროვოკაციის მოწყობის, დიდი ზიანს მიაყენებდნენ ქვეყანას. მადლობა ღმერთს, ხელისუფლება დგას თავის ადგილზე, უფრო დიდი პროვოკაციების მოწყობას რომ ვერ ახერხებენ. რომ შეეძლოთ ქვეყანას დააკარგვინონ არა 350 ათასი ლარი, არამედ 350 მლნ ლარი, ამასაც გააკეთებდნენ. რუსი ტურისტები რომ არ შემოვიდნენ საქართველოში, ქვეყანა დაკარგავს დაახლოებით 1 მლრდ დოლარს, წლის განმავლობაში“, - განაცხადა კობახიძემ.