არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ გალაშქრება დიდი ხნის წინ დაიწყეს - თუ გადაწყვიტეს, კიდევ გააყალბონ არჩევნები, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს შედეგებს, არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმურად არ გამოაცხადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ISFED-ის შესახებ "ქართული ოცნების" განცხადებებს და პარალელებს დონალდ ტრამპისთვის წაყენებულ ბრალდებასთან.
დეკანოიძის თქმით, თუ ვინმე არის დამნაშავე არჩევნების შედეგების გაყალბებაში, ეს არის „ქართული ოცნება", ხოლო პარალელები აშშ- სთან სასაცილოა.
„არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ გალაშქრება, დევნა, მათ შორის, "ისფედის" და სხვა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ამიტომ თუ ვინმე არის დანაშაულში მხილებული მაშინ, როცა არ დაემთხვა შედეგები, როცა გაყალბდა არჩევნები, ეს არის ხელისუფლება და მე ძალიან კარგად მახსოვს უბნებზე რა ხდებოდა. ამიტომ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გადაწყვეტს კიდევ გააყალბოს არჩევნები, გადაამტვრიოს საქართველოს საზოგადოების ნება, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არა მხოლოდ ჩვენი შიდა ორგანიზაციები, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ეს ნიშნავს, რომ არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმურად არ გამოაცხადებს, თუ მათ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოების ნება გადაამტვრიონ. ამიტომ რაც არ უნდა შავი კამპანია ააგორონ, "ისფედის" თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს. მაჭარაშვილის და სხვების ამ განცხადებებს მე მივიჩნევ არასერიოზულად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოპოზიცია იყოს ფორმაში, რომ ისეთი სხვაობით მოიგოს არჩევნები, რომ საერთოდ არაფერი გაუხდეს "ქართულ ოცნებას" სალაპარაკოდ. ეს არის მთავარი ამოცანა. მათ განცხადებებზე რეაქცია ოპოზიციის მხრიდან უნდა დასრულდეს, მთავარია იყოს დღის წესრიგი და შემტევი პოლიტიკა, თუ როგორ ვუგებთ ივანიშვილს და მე დარწმუნებული ვარ ამ მოგებაში. ძალიან სასაცილოა, რომ ბიძინა ივანიშვილის კლეპტოკრატიას და ოლიგარქიას ადარებენ აშშ- ის დემოკრატიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვინც ამას აკეთებს, ის არის უბრალოდ უგუნური“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, მას შემდეგ რაც აშშ - ში დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს, უმრავლესობის წევრებმა 2020 წლის არჩევნებზე, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში არსებულ ცდომილებასა და "შესაძლო დანაშაულის ნიშნების" არსებობაზე საუბარი დაიწყეს.