"რუსული ოცნება" ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ევროკავშირის ანგარიშიც ამ თვალსაზრისით, არ წარმოადგენს გამონაკლისს - ანგარიში არის ძალიან კრიტიკული და მძიმე , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს და მასზე "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ანგარიშში სწორედ ის საკითხებია პრობლემურად დასახელებული, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს განსაზღვრული აქვს რეკომენდაციები, რომ სტატუსი მიიღოს.
"სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციის მიმართულებით და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს არის, მათ შორის, ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წარმატებით გავაგრძელოთ სხვა ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.