"რუსულ ოცნებას" და მის სატელიტებს ვურჩევდი ბრალდებებზე ჰააგას მიმართონ, რომელმაც პასუხი გასცა 2008 წლის ომთან დაკავშირებით პუტინის და ივანიშვილის ბინძურ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც "ევროპელი სოციალისტების" ბრიფინგს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავს პროპაგანდისტულ გზავნილებს, ჰააგის სასამართლომ წერტილი დაუსვა.
"რუსულ ოცნებას და მის სატელიტებს პარლამენტს შიგნით და პარლამენტს გარეთ ვურჩევდი, რომ ბრალდებებზე მიმართონ სისხლის სამართლის საერთაშორისო ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ პუტინის და ივანიშვილის ბინძურ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, გასცა პასუხი და თქვა, რომ ბრალეულობა არის რუსეთზე, რუსეთო შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთმა დაიწყო ომი, რუსეთია ოკუპანტი და დამნაშავე. ეს პასუხი მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ მიიღო უმაღლესი საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან და წერტილი დაუსვა ყველა ბინძურ პროპაგანდისტულ გზავნილს, რომელსაც ვისმენდით ივანიშვილისგან წლების განმავლობაში", - განაცხადა ბოკუჩავამ.
"ევროპელი სოციალისტები" პარლამენტში კვლავ 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ საკითხზე პარლამენტში ბრიფინგი ფრიდონ ინჯიამ გამართა.