სტრატეგიულმა თანამშრომლობამ არასერიოზული ხასიათი მიიღო. როდესაც ასეთი ტიპის ქვეყანასთან სტრატეგიული ტიპის თანამშრომლობაზე გადადიხარ, ეს სადმე კულუარებში არ უნდა გადაწყდეს , - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რითაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება შეაფასა.
როგორც ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ასეთი ტიპის საკითხებზე პარლამენტში დისკუსიები უნდა იყოს.
„ჩინეთის ინტერესია შუა კორიდორი, სარტყელი და ზღვაზე გასასვლელები. მისი ინტერესია ისეთი დიდი პროექტები, რომელსაც ანაკლიის პროექტი წარმოადგენს. დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ ამ ტიპის პროექტებში ვერ ვხედავ ჩინეთის მონაწილეობას. ჩინეთი არ არის ერთ სიბრტყეში ნატოსთან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის კურსი, რაც გვეჭირა.
სტრატეგიულმა თანამშრომლობამ არასერიოზული ხასიათი მიიღო. როდესაც ასეთი ტიპის ქვეყანასთან სტრატეგიული ტიპის თანამშრომლობაზე გადადიხარ, ეს სადმე კულუარებში არ უნდა გადაწყდეს. ეს დიდი თემაა და ამაზე პარლამენტშიც უნდა იყოს დისკუსიები“,- განაცხადა ტუღუშმა.
მისივე თქმით, იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვინც ხელისუფლებაშია უნდა განაცხადოს, „სტრატეგიულად ცვლის თუ არა რამეს“.
ტუღუშის შეფასებით, საქართველოს არ აქვს ისეთი ძალა, რომ სახიფათო თამაშები ითამაშოს.
„დღეს ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად ვიმოძრაოთ დასავლეთის მიმართულებით და არ ვითამაშოთ ისეთი თამაში, რითაც შეიძლება ქვეყანას ზიანი მიადგეს. ახლა არის ტურბულენტური და სახიფათო დრო. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ძალა, რომ ასეთი თამაშები ვითამაშოთ, იმიტომ რომ სახიფათოა. დასავლეთმა შეიძლება ზურგი შეგაქციოს, ამიტომ უნდა იყო დიპლომატიური, უფრო დაბალანსებული და მეტი კონსოლიდაცია გქონეს ქვეყნის შიგნით და ზედმეტად ამბიციურად გამოიყურებოდე“, - განაცხადა ტუღუშმა.