იმ შემთხვევაში, თუ მის საჭიროებას აღიქვამდნენ, „ქართული ოცნებისთვის“ მონიტორინგის სამსახურის შექმნა არავის დაუშლია. ამ პარტიამ საერთოდ გარემოს დაცვის სამინისტრო გააუქმა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ სვამს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა სტიქია, რადგან მსგავსი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, თუმცა თუ ხელისუფლებას წინასწარი გაფრთხილების სისტემა და რეაგირების სწრაფი უნარი ექნება, სტიქიას ნაკლები მსხვერპლი მოჰყვება.
„ახლა ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება. ნებისმიერი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, მისი პასუხისმგებლობა იქნებოდა სტიქიის დროს რაც შეიძლება მეტი ხალხის გადარჩენა. „ქართული ოცნება“ მონიტორინგის სამსახურის გაუქმებაზე საუბრობს. ამ პარტიამ საერთოდ გარემოს დაცვის სამინისტრო გააუქმა. იმ შემთხვევაში, თუ მის საჭიროებას აღიქვამდნენ, მათთვის მონიტორინგის სამსახურის შექმნა არავის დაუშლია.
გარდა ამისა 2013 წლიდან ვერტმფრენების შეძენაზე საუბრობენ. ახლა მხოლოდ სატრანსპორტო ვერტმფრენები გვყავს, რომელიც სამაშველო სამუშაოსთვის გათვლილი არ არის და 50 წელიწადზე მეტისაა. სამწუხაროა, რომ რესურსსამოწურული ვერტმფრენებით გვიწევს სამაშველო საქმიანობების კეთება.
გარდა ამისა, ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას არ აძლევს უფლებას, რომ სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე ადამიანი სწორედ ადგილობრივებმა იპოვეს და გადაარჩინეს, რადგან მათ ტერიტორია უკეთ იციან.
ტრაგედიაზე ხელის მოთბობას არავინ აპირებს. არც იმას კითხულობს ვინმე, რატომ მოხდა სტიქიური უბედურება. მსგავსი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, თუმცა მსხვერპლი იყოს ნაკლები, რადგან ხელისუფლებას წინასწარი გაფრთხილების სისტემა და რეაგირების სწრაფი უარი ჰქონდეს“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.