ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებამ თავად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ და ჩემზე უკეთეს ანალიზს აკეთებს ხალხი, საზოგადოება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა ის ადამიანი, ვინც სიტუაციას გულგრილად მიუდგა, უნდა დაისაჯოს.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული დღეები. ორი შვილის მამა ვარ და უმძიმესია ამ ყველაფრის - ოჯახების, ამ ადამიანების ყოველდღიურ რეჟიმში ყურება, რომელთაც ოჯახის საყვარელი წევრები, ბავშვები დაკარგეს. ეს არის უმძიმესი ტრაგედია. ვეცდები, მაქსიმალურად თავი შევიკავო, თუმცა, ერთი აუცილებლად უნდა ვთქვა, ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებამ თავად ნახა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ რეჟიმს ადამიანების მიმართ და ჩემზე უკეთეს ანალიზს აკეთებს ხალხი, საზოგადოება. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ის ადამიანი, ვინც გულგრილად მიუდგა ამ სიტუაციას, გულგრილობა გამოიჩინა, უკანონობა ჩაიდინა, დასჯილები იყვნენ და საბოლოო ჯამში, ისეთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, სადაც არ შეგვეშინდება დილით გაღვიძება, გადაადგილება, დასვენება და უსაფრთხოების პრობლემები არ გვექნება. სხვა, პოლიტიკურ განხილვებში ამ თემასთან დაკავშირებით ნამდვილად არ შევალ, ამის დრო აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, ტრაგედიის ფონზე, ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ერთ-ერთ რესტორანში ქეიფი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, რამდენად სწორად მიაჩნია, ხაბეიშვილი ასე პასუხობს:„ვწუხვარ, რომ ამ პირობებშიც, თქვენ ასეთი სიბინძურეებით ხართ დაკავებული, ჩემი პასუხი ეს არის“.
„ვწუხვარ, რომ ამდენი ბავშვი, ამდენი ადამიანია გარდაცვლილი და არანორმალურ კითხვებს სვამთ. თქვენს ადგილას სხვა შეკითხვებს დავსვამდი, მე თავს ვიკავებ პოლიტიკური შეფასებისგან, მაგრამ იმ პირობებში, როცა ათეულობით ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო მოქმედებების გამოც, ასეთი კითხვების დასმა, ჩემი აზრით, არალერევანტულია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია შოვში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს დასკვნა, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „კონკრეტული, ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს“.
„სიღრმეებში არ შევალ, რამდენიმე რამეს ვიტყვი. პირველი, ადგილობრივები საუბრობენ, რომ რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში მდინარე ფაქტობრივად გაქრა და შესაბამისად, მარტივი წარმოსადგენი იყო, რომ სადღაც, ეს წყალი გუბდებოდა. მეორე, უმძიმესი საყურებელი იყო, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ტრაგედიის ღამეს, ეთქვა, საღამოს უნდა დაესვენათ, რადგან ვერტმფრენი არ გვყავს, რომელსაც ღამე შეუძლია გაანათოს და ადამიანები არ მიეტოვებინათ ტრაგედიის ღამეს. ვიცით, რომ რამდენიმე საათიანი ბრძოლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი გადარჩა. ის, რასაც საზოგადოება ტელევიზიით უყურებს და იგებს, ვფიქრობ, საკმარისზე მეტი ინფორმაციაა, რომ დასკვნები გააკეთოს. რაც შეეხება კონკრეტული სხვადასხვა სამსახურების შეფასებას, ამის დრო დადგება, კონკრეტული გამოძიება უნდა მოხდეს, მათ შორის, ობიექტური“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.