ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია. ომის შედეგად დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და მე მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვას, თუ რატომ არის აგვისტოს ომის დაწყების თარიღი დღემდე სადავო? - კალაძე სპეკულაციურს უწოდებს.
„აბსოლუტურად გაუგებარია ეს თქვენი სპეკულაციები. გადახედეთ წარსულს! არ მინდა დღევანდელ დღეს ამ საკითხზე საუბარი, თუმცა ნახეთ, რომ 2013-2014 წლამდე, მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს გამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის და დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს”, - განაცხადა კალაძემ.