სპონტანური იყო სტიქია და აქედან გამომდინარე, არ იყო პროგნოზირებადი. ნებისმიერი სტიქია რომ იყოს პროგნოზირებადი, არსად არ მოჰყვებოდა მსხვერპლი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ყველანაირი საშუალება იყო, რომ სტიქიის ზონაში მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც გადარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა.
„მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილზე, მათ შორის, რაჭაში არის 20 ასეთი აპარატურა დამონტაჟებული, კონკრეტულად შოვის ტერიტორიაზე წყლის მონიტორინგი ხორციელდებოდა და დღეების განმავლობაში გარდა იმ რამდენიმე წუთისა, რომელიც უკავშირდებოდა უშუალოდ სტიქიას, არც ერთი წუთით არ დაფიქსირებულა წყლის დონის ან მატება, ან კლება, რაც შეიძლება გამხდარიყო სტიქიის პროგნოზირების საფუძველი. რეალურად, სტიქია იყო სპონტანური და შესაბამისად მისი პროგნოზირება ჩემი ინფორმაციით, იყო შეუძლებელი.
სპონტანური იყო სტიქია და აქედან გამომდინარე, არ იყო პროგნოზირებადი. ნებისმიერი სტიქია რომ იყოს პროგნოზირებადი, არსად არ მოჰყვებოდა მსხვერპლი. არის უამრავი ქვეყანა - იაპონიაში მოჰყვა უამრავი მსხვერპლი არაერთ სტიქიას, იტალიაში, სლოვენიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვერტმფრენები იყო თავიდან ბოლომდე საკმარისი იმ ამოცანების შესასრულებლად, რომელიც იდგა სამაშველო სამსახურის წინაშე. პირველი სამი საათი იყო დღე, რომელ საათზე დაღამდა?! საათების განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ვერტმფრენებს, რომ ეწარმოებინათ სამუშაოები. თქვენ შეგიძლიათ სპეკულირება ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ სამარცხვინოა სპეკულირება ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ადამიანების დაღუპვას, სტიქიას. უბრალოდ სამარცხვინოა ეს ყველაფერი. იქ იყო ყველანაირი საშუალება, რომ მოძიებულიყო ყველა ადამიანი, რომელსაც გადარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა.
სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მეტი რესურსის ჩართვა შეიძლებოდა და ამის გამო რაღაც სხვა შედეგი დადგა - ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ტყუილის გავრცელება შეიძლება ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ არა იმ თემებზე, რომლებიც შეეხება ადამიანების დაღუპვას, სტიქიას და ა.შ.“, - განაცხადა კობახიძემ.