„რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს, ფაქტი არის ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია განხორციელდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების ზუსტ თარიღს დაზუსტებით ვერავინ იტყვის, სანამ ამ საკითხზე ძალიან ზუსტი მოკვლევა არ ჩატარდება.
ამასთან, მისი განმარტებით, თავდაპირველად, რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია და საქართველოს არასამართლებრივი ქმედება არ განუხორციელებია.
„უნდა არსებობდეს ოფიციალური ვერსია. ჩვენ გვაქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის - ეგრეთ წოდებული ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ეს დოკუმენტი პოლიტიზებული იყო. ამიტომ, საჭიროა ამ საკითხის წყნარად გამოკვლევა. გასაგებია, რის გამოც ხდება ეს პოლემიკა, თუ ვინ დაიწყო ომი, სააკაშვილმა თუ რუსეთმა. 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია განხორციელდა. პუტინის ბრალია თავიდან ბლომდე, ამიტომ ჩემთვის ეს კითხვა არ არსებობს. 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს, ამას დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, სანამ ამ საკითხებზე ძალიან ზუსტი მოკვლევა არ ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, 7 აგვისტოს რუსეთის დანაყოფები ნამდვილად იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამის მატერიალური მტკიცებულებები ნაკლებია. ეს არის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილმა 8 აგვისტოს შეუტია იქიდან გამომდინარე, რომ რუსები შემოსული იყვნენ და დიდი ლიახვის ხეობიდან მოსახლეობის გამოყრა მიმდინარეობდა. ამიტომ, სრულიად ლეგიტიმური იყო ქართული ჯარის სამხრეთ ოსეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა, რადგან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დარღვეული იყო და დიდი ლიახვის ხეობა ინტენსიურად იბომბებოდა. ასევე იბომბებოდნენ ჩვენი მშვიდობისმყოფელები, რომლებსაც დაცვა სჭირდებოდათ, რადგან მათ უკვე დაღუპულები ჰყავდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის კონტინგენტის შემოყვანა არალეგიტიმური იყო. ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი მოიგონეს, ვითომ თავიანთი მშვიდობისმყოფელების დაცვისთვის შემოვიდნენ, სინამდვილეში, მშვიდობისმყოფელები დაიღუპნენ თუ არა, ამის მტკიცებულებები რუსეთს არასდროს წარმოუდგენია“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ფაქტი მოწმობს იმას, რომ რუსეთი არის აგრესორი. კითხვაზე, ხედავს თუა არა აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით სპეკულაციების მცდელობას, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ იმჟამინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და საკუთარ პოზიციას იცავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამ შემთხვევაში საკუთარ პრეზიდენტს და პოზიციას იცავენ. სპეკულაციები არის თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაცვითი ზომებია. ეს ზომები ტყუილუბრალოდ არ გაჩენილა. დიდი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო შეტევები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, თქვენ გააჩაღეთ ომი თქვენი უგუნური პოლიტიკით, აგრესიითა და ა.შ. ამიტომ, ახლა ისინი თავს იცავენ. ამ შემთხვევაში, მათ ვერანაირად ვერ დავადანაშაულებ, თითქოს პროვოკაციას აწყობენ, როდესაც ამბობენ, 7 აგვისტოს დაიწყო ომი და არა 8 აგვისტოსო. პირადად მიმაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს ომი, ორივე შესაძლებელ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია და საქართველოს არასამართლებრივი ქმედება არ განუხორციელებია, რადგან ცეცხლის შეწყვეტის მანდატი უკვე დარღვეული იყო და საქართველოს არავითარი შეთანხმება არ დაურღვევია“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.