მინდა საზოგადოებას და ხელმოცარულ ოპოზიციას შევახსენო - აბა ერთი გაიხსენონ გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე რატომ შეარქვეს? გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე მათ შორის იმიტომ შეარქვეს, რომ მან ფრთხილი პოლიტიკა აირჩია, ქვეყანას სისხლისღვრა თავიდან აარიდა, რითაც მოახერხა, რომ ქვეყანა ჯერ შიგნიდან გააძლიერა და შემდეგ გარეშე აგრესორს მიხედა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
როგორც მაჭარაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, რუსეთის ფედერაციასთან ფრთხილ პოლიტიკას ნატოს ქოლგით დაცული ქვეყნები ატარებენ და ასეთი პოლიტიკა მით უფრო სჭირდება ქვეყანას, რომელსაც ნატოს ქოლგა არ იცავს.
მაჭარაშვილის თქმით, "იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნატოს ქოლგა არ იცავდა, პრეზიდენტი სააკაშვილი იმ რიტორიკით გამოდიოდა, რითაც გამოდიოდა".
"2008 წლის ომი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არის ფაქტი თუ რა შეუძლია ქართულ გენს, როგორ შეუძლია სამხედროს თუ არასამხედროს თავი დასდოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.
რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ომის თავიდან ასაცილებლად, ამის თაობაზე კომენტარი არაერთხელ გავაკეთეთ, ბევრი რამის თქმას მოვერიდეთ, თუმცა შემდგომ ვთქვით ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება იყო აბსოლუტურად ზუსტი. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი - ეს არა იმისთვის, რომ ჩვენ რაიმე შურისძიება გვამოძრავებს, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, თუ როგორი შეცდომები არ უნდა იქნას დაშვებული.
სპეკულაციები იმის თაობაზე თუ ვინ რამდენჯერ ახსენებს რუსეთს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელმოცარულ ოპოზიციას მეტი სათქმელი არაფერი აქვს. შემიძლია პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ის ნაწილიც გაჩვენოთ, სადაც ისიც და ყველანი ჩვენ რუსულ ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ და რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე ვსაუბრობთ.
ძალიან კარგად გვახსოვს მომენტი სახარებიდან - მამა ერთ შვილს ეუბნება: - წადი, რაღაც საქმე გააკეთე, ის ეტყვის "დიახ", მაგრამ არ გააკეთებს, მეორე ეტყვის "არა", მაგრამ გააკეთებს. მამის თხოვნა რომელმა შეასრულა? - ვინც უთხრა "არა", მაგრამ საქმე გააკეთა. დეოკუპაციის პროცესის დაჩქარება იმაზე კი არ არის დამოკიდებული, თუ ვინ რამდენჯერ იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ როგორ პოლიტიკას აირჩევს.
ეს არის მოცემულობა და არა ის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ჯერ სტრატეგიული ობიექტები მიყიდო და შემდეგ უთხრა, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები ჩადოს და რაც შეიძლება ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდეს, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანას რუსული მთავრობა ჰყავს.
ის, რისი თავიდან არიდებაც ნამდვილად არ შეიძლებოდა, მხედველობაში სტიქიური კატასტროფები მაქვს, იმაზე ამბობენ, რომ ხელისუფლებას თავიდან უნდა აერიდებინა, ხოლო ის რისი თავიდან არიდებაც შეიძლებოდა და თვითონ ვერ გააკეთეს, ამაზე ამბობენ, რომ თურმე ამის თავიდან არიდება არ შეიძლებოდა.
როგორ გგონიათ, დღეს რუსეთის ფედერაცია უკან დაიხევს მათ შორის რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ არასწორი ნაბიჯები რომ გადადგას?! დაუკვირდით, როგორია ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი პარტნიორების განცხადებები და რიტორიკა და როგორი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. მათ ნატოს ქოლგა იცავს და პირდაპირ და გადაჭრით ამბობენ, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის სამხედრო კონფლიქტს არ აპირებენ - ზუსტად ეს არის ფრთხილი პოლიტიკა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.