საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მთავარი საკითხია, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპულ ასპარეზზე რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს და ირაკლი კობახიძის ბევრი ლაპარაკის შესაძლებლობა არ მიეცეს - თუკი „ქართული ოცნება“ გაჩუმდება და არაფერს ილაპარაკებს, ქვეყანა დიდი ალბათობით კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანჯგალაძის თქმით, როცა ამ ისტორიული შანსის დროს ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე უნდა იწყებდეს, „სტატუსი გვაქვს სახვეწარი“.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სჭირდება. ის, რომ ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად არაფერი გააკეთა, ესეც სახეზეა - ევროკომისარმა თქვა, რომ 12-დან სამი რეკომენდაციაა შესრულებული. ერთი, რის გამოც შეიძლება ქვეყანას სტატუსი მისცენ, არის რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და გაფართოების ინტერესი. ახლა მთავარია ამ გადაწყვეტილებასაც "ქართულმა ოცნებამ" ხელი არ შეუშალოს. ის ვინც რუსულ ნარატივს ავრცელებს, არის ირაკლი ღარიბაშვილი და რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებს, მით მეტი შანსია სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.