დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უსაფუძვლო და უადგილოა - მთელმა საზოგადოებამ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი და მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩენილიყო, - ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გივი მიქანაძის პოზიცია შოვში მომხდარ სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე.
მიქანაძის განცხადებით, 3 აგვისტოს თავსდატეხილი სტიქიური უბედურების პრევენცია ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რასაც მისივე თქმით, დარგის ექსპერტები და შესაბამისი დასკვნები ადასტურებენ.
უმრავლესობის დეპუტატის აზრით, „ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არ ჩერდება და სრულიად მიუღებელ სპეკულაციებს აგრძელებს“.
„ჩვენი გმირი მაშველები, ჯარისკაცები თავდაუზოგავად, 24-საათიან რეჟიმში სტიქიის ადგილას არიან და სამაშველო ოპერაციებს აგრძელებენ. ამ დროისთვის დაკარგულია 12 ადამიანი. ჩართულია ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება, გაზრდილია არეალი, სადაც სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ფონზე ოპოზიცია ჩვეულ რიტორიკას არ ღალატობს და ასეთი დიდი ტრაგედიით სპეკულირებს. ოპოზიცია არ აპირებს კონცენტრირდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე რაც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან, დეპოლარიზაციასთან და სხვა საკითხებთან, რაც აუცილებელია შემდგომი განვითარებისთვის. ცდილობენ ასეთი მძიმე ტრაგედიაც კი პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოიყენონ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ინიცირება სწორედ ამ მიზნით არის გამსჭვალული და საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება. სურთ, საზოგადოების წინაშე წარმოაჩინონ ისე, თითქოს ხელისუფლებამ ყველაფერი არ გააკეთა, მაშინ როცა საზოგადოება დეტალურად ხედავს რა საშუალებებით, როგორი რეაგირებით მოქმედებს ხელისუფლება“, - განაცხადა მიქანაძემ.
მან აქვე დასძინა, რომ პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ოპოზიციას სხვა საპარლამენტო მექანიზმებით სარგებლობის და კითხვები დასმის შესაძლებლობა აქვს.