საქართველოს ხელისუფლება და „ოცნების“ სპიკერები უტიფრად იტყუებიან და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, თითქოს რიკოთზე მომუშავე კომპანიებს არ აქვთ დარღვევები და პროცესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად მიდის, რეალურად კი სიტუაცია კატასტროფულია,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
დათუნაშვილმა დაასახელა კომპანიები, რომლებიც რიკოთზე მუშაობენ და ისაუბრა დარღვევებზე, რომლებიც, მისი თქმით, აღნიშნული კომპანიებს აქვთ.
„შოვის ტრაგედიამ გვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და აუდიტი. სწორედ ამიტომ, „ლელო“ ითხოვს საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნას და რიკოთის საკითხის შესწავლას. დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობისაა რიკოთის ჩქაროსნული გზის დასრულება ხარისხიანად და უსაფრთხოდ. მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების სწორად ინფორმირება და გამჭვირვალე და საყოველთაო საგამოძიებო პროცესის წარმოება.
საქართველოს ხელისუფლება და „ოცნების“ სპიკერები უტიფრად იტყუებიან და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, თითქოს რიკოთზე მომუშავე კომპანიებს არ აქვთ დარღვევები და პროცესი მსოფლიო სტანდარტები შესაბამისად მიდის, რეალურად კი სიტუაცია კატასტროფულია, რიკოთის მონაკვეთზე იკვეთება რამდენიმე ძირითადი პრობლემა: თითქმის ყველა კომპანია, რომელიც რიკოთზე ოპერირებს, ეჭვმიტანილია სხვადასხვა დანაშაულებში და გახვეული კორუფციულ სკანდალებში მსოფლიო დონეზე. მაგალითად, ჩუმათელეთი - ხევი: China State Construction Engineering Corporation Limited. ეს კომპანია მსოფლიო ბანკმა CSCEC 2009 წელს შავ სიაში შეიყვანა და ამ გადაწყვეტილებით კომპანიას აეკრძალა ექვსი წლის ვადით მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა. საქმე ეხებოდა ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამას, რომელშიც კომპანია კორუფციულ სკანდალში გაეხვა. გარდა ამისა CSCEC მანამდეც იყო მხილებული არაკეთილსინდისიერებაში, რადგან 2004 წელს თავად ფილიპინების მთავრობამ დაბლოკა კომპანია 1 წლის ვადით რეგულაციების დარღვევის გამო (ამის დოკუმენტი - ttps://www.dpwh.gov.ph/dpwh/sites/default/files/issuances/DO_236_S2004.pdf).
ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ამერიკამ CSCEC კიბერ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს აუკრძალა, გამხდარიყვნენ CSCEC აქციონერები. კომპანიას აგრეთვე უკავშირდება სკანდალები პაკისტანსა და უნგრეთში.
ხევი - უბისა (Asian Development Bank) - Hunan Road and Bridge Construction Group - ამ კომპანიას უკავშირდება სკანდალები ჩინეთსა და უგანდაში. ჩინეთში მათი უხარისხო მშენებლობის გამო ჩამოინგრა ხიდი (ტუოჯიანგის), რასაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტზე ჩინეთის ხელისუფლებამ დააკავა კომპანიის წევრები ქრთამის აღების, დაუდევრობის და ორგანიზებული დანაშაულისთვის.
უბისა - შორაპანი (European Investment Bank) - China Road and Bridge Corporation - 2009 წელს მსოფლიო ბანკმა China Road and Bridge Corporation-ს სანქციები დაუწესა ფილიპინებში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებულ თაღლითური პრაქტიკის გამო. 2015 წელს კენიის სასამართლომ აღნიშნული კომპანიის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაცდომები გამოავლინა. გარდა ამისა, კომპანიის სახელს უკავშირდება სკანდალები უგანდაში, ყირგიზეთსა თუ ხორვატიაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის ბრძანებით (N 2-918) მშენებლობის პროცესში უნდა ტარდებოდეს გარემოს დაცვითი მონიტორინგი და მისი შედეგები პერიოდულად წარედგინებოდეს სამინისტროს. ასეთი მონიტორინგის შედეგები კი ყველასათვის უცნობია, თუ საერთოდ ჩატარებულა და არსებობს?! გეოლოგების თქმით, ადგილზე მდინარეების ხეობა შევიწროებულია სამშენებლო სამუშაოების შედეგად და წყლის ადიდების შემთხვევაში შესაძლებელია მივიღოთ ტექნოგენური კატასტროფა; სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო დამფინანსებლისგან აღებული ფული გადაიხადა არასრულფასოვან პროექტებში და დამპროექტებლების უპასუხისმგებლობის გამო საქართველოს მოქალაქეები დარჩნენ სერიოზული საფრთხეების წინაშე; როგორც გეოლოგები აცხადებენ, პროექტირების საწყის ეტაპებზე უნდა მომხდარიყო მათი ჩართვა პროცესებში და ამასთან საჭირო იყო სწორედ ადგილობრივი სპეციალისტების ჩართვა, რომლებიც იცნობენ რეგიონის სპეციფიკას.
ამის მაგივრად საქართველოს ხელისუფლებამ რიკოთი აქცია კორუფციის ბუდედ და ფულის საჭრელ მანქანად საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების და სიცოცხლის რისკის ხარჯზე!“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.