პრემიერი - თუ ჩინური კომპანიები ფილიალებს საქართველოში გახსნიან, თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში და გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით

თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს - ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს - საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში, მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პეკინში გამართულ ბიზნესფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთში ბევრი რამის ექსპორტი შეუძლია და ახალი ერა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.

„ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს - ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.

დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი. მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ. ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს - ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს - საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით. საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს",– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის