ბევრი ნიშანი იკვეთება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ შოვის ტრაგედიას ჰყავს დამნაშავეები, რომლებმაც გამოიჩინეს გულგრილობა და სწორედ, ამიტომ არის საჭირო საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა თავის მართლების რეჟიმზე არიან გადასულები.
„სამარცხვინო. რა შეიძლება ვუწოდოთ საერთოდ იმ შეფასებებს, რასაც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ. ჩვენ მოვისმინეთ დღეს კობახიძის განცხადება, რომელიც პირდაპირ გამოკვეთს დანაშაულებს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ისინი ახლა გადასულები არიან თავის მართლების რეჟიმზე.
ის, რომ დაღუპული ადამიანების, მათი ოჯახების გასაგონად ამბობს ესეთ რამეს, რომ თურმე მათი გადარჩენა უკვე აღარ შეიძლებოდა და სწორედ, ამიტომ არ გამოიყენეს ვერტმფრენიც, მხარდაჭერა არ ითხოვეს - ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ საჭიროა საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა დაადგინოს სწორედ ის გულგრილობა და ჩადენილი დანაშაული, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იკვეთება“, - განაცხადა ბოტკოველმა.