არ მგონია, შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენა „ქართული ოცნებისთვის“ რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს - მინისტრი მოვა, ბევრს ილაპარაკებს, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, კითხვებს არ უპასუხებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განუცხადა.
მისივე შეფასებით, როცა მინისტრი ინტერპელაციით პარლამენტში მივა, იმ მომენტისათვის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბები იქნება და არ არის გამორიცხული, ბევრს შოვის სტიქიის თემა დაავიწყდეს.
„რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, არ მგონია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, თუმცა მე ასეთი კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან მოცემულ საკითხზე ცოდნა და გამოცდილება არა მაქვს, რომ კოლეგებს დავეხმარო, მაგრამ ინიციატივას მხარს დავუჭერ", - განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა.
შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ასევე, შს მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების ინიციატივა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.