შუალედური დასკვნა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოამზადა, მიუთითებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივ გულგრილობასა და უმოქმედობაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა საგამოძიებო მექანიზმის ამუშავება და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
„თქვენ ნახავთ ამ შუალედური დასკვნის პრეზენტაციასაც - არის სამი ძირითადი მიგნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულებრივ გულგრილობას და უმოქმედობას მოჰყვა ის, რომ რეაგირება იყო დაგვიანებული და არაეფექტიანი. სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ჩავარდა და ამაზე პასუხისმგებელია პრემიერი ღარიბაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა 4 აგვისტოს. კრიტიკული მნიშვნელობის საათებში, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოქალაქეები დატოვა სტიქიის პირისპირ და ცხადია, ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საგამოძიებო მექანიზმის ამუშავება, რომ ყველა ფაქტი და მტკიცებულება ბოლომდე იყოს გამოკვლეული და ჩვენ ასეთი მექანიზმის გვაქვს საქართველოს პარლამენტში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სწორედ ის ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იქნას ბოლომდე გამოკვლეული. ყველა პასუხისმგებელი პირი, რომელიც არის პასუხისმგებელი მათ შორის იმაზე, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ჩავარდა, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს კონკრეტულ შეკითხვებს პასუხი. ამასთანავე, ჩვენ 47 შეკითხვით მივმართეთ საჯარო დაწესებულებებს და ველოდებით ხელისუფლებისგან კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხს და ეს პასუხები იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის იმისთვის, რომ მთელი მოვლენები აღვადგინოთ, თუ რა მოხდა სტიქიის დღეს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ლაშა ფარულავას განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.