ზაზა გოგავა - ხელისუფლებისთვის მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი და ყველა განცხადება, რომელიც თანამდებობის პირებმა გააკეთეს, შოვის ტრაგედიის გადაფარვას ემსახურება

ხელისუფლებისთვის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, მათი უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი და ყველა ის განცხადება, რაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, თუ მაღალი თანამდებობის პირებმა, ემსახურებოდა იმას, რომ აირიდონ პასუხისმგებლობა და როგორმე შოვის ტრაგედია გადაფარონ პოლიტიკური მანიპულაციებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შოვის ტრაგედიის დღეს არა დაგვიანებული რეაქცია, არამედ უპასუხისმგებლობა აჩვენა. როგორც გოგავამ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა ექნება თუ არა საქართველოს ვერტმფრენები იქამდე, სანამ მას არ ეყოლება პასუხისმგებლიანი თანამდებობის პირები.

„ეს არის უპასუხისმგებლობის კასკადი, როდესაც საუბარია ასეთი სახის კატასტროფაზე და სამაშველო ოპერაციის დაწყებაზე. რაც შეეხება პრემიერ- მინისტრის განცხადებას, სრულიად უადგილოა ნებისმიერი მისი განცხადება. ისინი ცდილობენ თავი დაიძვრინონ ამ პასუხისმგებლობისგან, მაგრამ არ გამოვა! ვერ გაიყიდება საქართველოს მოსახლეობაზე ეს! დიდი ხანია უკვე ცნობილია, რომ ამ ხელისუფლებისთვის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე, მათი უსაფრთხოება არ არის პრიორიტეტი და ყველა ის განცხადება, რაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, თუ მაღალი თანამდებობის პირებმა, ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ როგორმე შოვის ტრაგედია გადაფარონ პოლიტიკური მანიპულაციებით. რაც შეეხება დაგვიანებულ რეაქციას, დაგვიანებული რეაქცია კი არა, ეს არის უპასუხისმგებლობა, უსაფრთხოების საბჭოს შეკრებაც კი არ მოხდა. მე პირდაპირ ვიტყვი, რა უნდა მოხდეს ქვეყანაში ამაზე დიდი, ამაზე მტკივნეული, ამაზე უფრო შემზარავი, რომ მათ აამუშაონ უსაფრთხოების საბჭო და მოსახლეობას აჩვენონ პასუხისმგებლობა იმ უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, რომლებმაც უნდა იზრუნონ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 24 საათის დაგვიანებით ჩავიდა სტიქიის ზონაში, 24 საათის განმავლობაში არ გამოჩენილა, არ გაუკეთებია განცხადება ირაკლი ღარიბაშვილს. არა მარტო მას, არამედ სხვა თანამდებობის პირებსაც და ზუსტად ეს არის დაგვიანებული და მავნებლური პოლიტიკა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. არავინ იცის, როდის, ვის, რამდენი წუთის, საათის შემდეგ სჭირდებოდა დახმარება. ისიც არ ვიცით, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სტიქიის ზონაში, ამ დეტალებზე გააკეთონ განცხადებები ვურჩევ და ის, რომ ყველაფერი უნდათ გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში, ასე არ გამოვა.

რაც შეეხება შს მინისტრის განცხადებას, ვიტყოდი, რომ სრულიად უადგილოა და აქვე მინდა შეგახსენოთ - სწორედაც რომ ასეთი სამსახურები არის გათვლილი ექსტრემალური პირობებისათვის და არა მშვიდობიან პირობებში. ის, რომ მეხანძრე-მაშველი, მფრინავი ამ დროს რისკავს, ეს არახალია. აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ რისკის შემცველია, რისკის შემცველია ნებისმიერ დროს ასეთ პირობებში ფრენა, მაგრამ რისკის შემცველი და უფრო მეტი უპასუხისმგებლობაა ის, რომ ამ დროს არ შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ასეთი სახის ბრძანებები გასცე. ამბობენ, რომ ერთი წლის შემდეგ ეს ვერტმფრენები გვეყოლება და ა.შ. რა მნიშვნელობა ექნება გვეყოლება თუ არა ეს ვერტმფრენები, თუ არ გვეყოლება პასუხისმგებლობიანი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აიღებს ასეთი ბრძანების გაცემაზე პასუხისმგებლობას?! აქ პრობლემა ის არ იყო, რომ ვერტმფრენი არ იყო, აქ პრობლემა იყო ის, რომ ბრძანების გამცემი არ იყო არავინ, რომ ეს საქმიანობა ან გაეგრძელებინათ და უკეთესად შეესრულებინათ,“ - განაცხადა ზაზა გოგავამ.

ზაზა გოგავას განცხადებას „ ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს