ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ის, რომ ისინი გააკეთებენ მაამებლურ განცხადებებს, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელიც დააფიქსირა მედვედევმა, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადება შეაფასა.
„რა შეიძლება გააკეთოს ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ, ამას ნამდვილად არავინ არ ელის. ეს არის ნებისმიერი განცხადება, რომელიც კეთდება ხოლმე თუნდაც პუტინის, თუნდაც მედვედევის და სხვა ამ კრიმინალი ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან ფაქტობრივად, აგრესორები და აზიანებენ მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ის მაამებლური განცხადებები, რომელიც გაამყარებს იმ პოზიციას, რომელიც დააფიქსირა მედვედევმა და არა საქართველოს რეალური პოზიცია, რომელიც უნდა მიისწრაფოდეს დამოუკიდებლობისკენ და ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.
"ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ," - განაცხადა მედვედევმა.