თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, რომ არა პოლიტიკური კორუფცია და „ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები, თბილისში ფართომასშტაბიანი, მავნებლური მშენებლობების პროექტებს არავინ წარადგენდა.
როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, პროექტების დამტკიცების საკითხი საკრებულოში არ წყდება, რადგან ის პირები, რომლებსაც „თბილისელების ხარჯზე მილიონების შოვნა სურთ” ამის შესახებ გადაწყვეტილებას ბევრად ადრე იღებენ.
მისივე თქმით, გმირთა მოედანზე, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძეზე და დიდი დიღომში დაგეგმილი მშენებლობები თბილისს ესთეტიკურად დაამძიმებს და “ურბანულ ჯოჯოხეთად აქცევს”.
„რომ არა პოლიტიკური კორუფცია, ამ მასშტაბის მშენებლობები თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა. საუბარია, დაახლოებით, 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაგეგმილ მავნებლურ მშენებლობაზე, რომელიც თბილისელების ცხოვრებას დაამძიმებს და ქალაქს ურბანულ ჯოჯოხეთად აქცევს. რომ არა ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არიან წილოსანი, ნამორაძე, ჩხარტიშვილი, რუხაძე და ის ადამიანები, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” და ამ კლანთან პირდაპირ დაკავშირებულები არიან, მსგავსი ტიპის სამშენებლო პროექტს აქ არ გამოიტანდნენ და არ წარადგენდნენ. საკრებულოს კომისიაზე არაფერი წყდება. ეს პროექტები რომ დამტკიცდებოდა, იმ წუთას დამტკიცდა, როდესაც ამ სახელებმა და გვარებმა თბილისელების ხარჯზე მილიონების შოვნა გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, ამ პროექტებს მაინც გაიტანენ. ერთადერთი გზა სამართლებრივი დავაა. მათ არც ექსპერტების, არც გეოლოგების, ურბანისტებისა თუ არქიტექტორების აზრი აინტერესებთ. გარდა იმისა, რომ მსგავსი მშენებლობები ურბანული და ესთეტიკური თვალსაზრისით დაამძიმებს ქალაქს, ეს პრობლემებს გამოიწვევს სატრანსპორტო მიმართულებითაც. ქალაქში გავლა შეუძლებელი იქნება. პრობლემა იქნება პარკირების, საცობების, ყველა სატრანსპორტო მიმართულებით. ძალიან მალე, ამ ქალაქში, სივრცე და ჰაერი უბრალოდ აღარ იარსებებს”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში წარდგენილის სამშენებლო პროექტები, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. მათ შორისაა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობაც. ამის გამო 24 აგვისტოს ურბანული კომისიის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ სხდომაზე სპეციალისტებიც მიიწვია. დღის წესრიგის თანახმად, ამ სამშენებლო პროექტებს დღეს 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.