გია ცაგარეიშვილი - ყველა უნდა შეეგუოს, რომ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეფასება აქვთ და მის გამოთქმას ნურავინ აგვიკრძალავს, ესაა ქართული დემოკრატიის მონაპოვარი - სტანდარტი, რაც დავამკვიდრეთ, ცუდი არ არის

ყველა უნდა შეეგუოს, საქართველოში ადამიანებს, მათ შორის, სახელისუფლებო გუნდიდან, განსხვავებული პოლიტიკური შეფასება აქვთ და მის გამოთქმას ნურავინ აგვიკრძალავს, ესაა ქართული დემოკრატიის მონაპოვარი - სტანდარტი, რაც დავამკვიდრეთ, ცუდი არ არის ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ცაგარეიშვილის თქმით, აშშ - საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ვფიქრობ, ეს არის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს, უამრავ ქარტეხილს, გამოწვევას. აშშ არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ეს სტრატეგიული ურთიერთობები, მგონი, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს არის ობიექტური რეალობა, რომლითაც არის გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა, მათ შორის, სავაჭრო, სამხედრო სტრატეგიული სახის ურთიერთობები. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სწავლება, რომელიც აშშ-ის პატრონაჟის ქვეშ იმართება უკვე მრავალი წელია. დავესესხები ქალბატონ ელჩს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო სტრატეგიული სახის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა საქართველოსთან და იმ ქვეყანასთან, სადაც რაიმე სახის პრობლემებია ურთიერთობაში, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით ურთიერთობები არ ღრმავდება და ასეთ ყოვლისმომცველ სახეს არ იძენს და ვერ შეიძენდა.

პრორუსული ძალების მხრიდან არამხოლოდ საქართველოში მიმდინარეობს ინტენსიური კამპანია პროევროპული, პროამერიკული, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, არამედ ეს არის მსოფლიოს სენი, რომელსაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. შეფარული და აგრესიული ფორმით ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ამგვარი კამპანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც და სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კითხვაზე:"ქართულ ოცნებას" ხომ არ გულისხმობდა პრორუსულ ძალებში? -ცაგარეიშვილი პასუხობს, რომ „ეჭვი ეპარება“.

„ჩვენც გვაქვს ამგვარი გამოწვევები. შეძლებისდაგვარად ყველა მოცემულობის გათვალისწინებით ჩვენ ამ გამოწვევებს თავსაც ვარიდებთ და შესაბამისი წესით ვპასუხობთ ხოლმე. ზოგიერთი განსხვავება შეხედულებებს შორის, რაც ფიქსირდებოდა ხოლმე, ბუნებრივი პროცესია. პარტნიორობა არ ნიშნავს ერთხმად ყველაფრის საუბარს, ეს პირველ რიგში, ნიშნავს ცხოველ განხილვებს, დებატებს, ბჭობას, აზრთა გაცვლას, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ ამგვარი ურთიერთობისთვის და მგონი, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში ბევრ პოლიტიკურ მოვლენაზე ადამიანებს მათ შორის, სახელისუფლებო გუნდიდან ექნებათ მომავალშიც და აქვთ დღესაც განსხვავებული პოლიტიკური შეფასება და ამ შეფასების გამოთქმას ჩვენ ნურავინ აგვიკრძალავს, ეს არის სწორედ ქართული დემოკრატიის მონაპოვარი. მე არასდროს ვერიდებოდი და არ ვერიდები განსხვავებული აზრის გამოთქმას, მათ შორის იმისგან, რაც თუნდაც აშშ -ის ელჩს ან რომელიმე მეგობარი ქვეყნის ელჩს ჰქონდეს. მგონი, სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ ცუდი არ არის”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მან ასევე შეაფასა კელი დეგნანის საქმიანობა ელჩის პოსტზე და აღნიშნა, რომ ყველა ელჩის საქმიანობა დადებითად უნდა შეფასდეს.

„მათ შორის, ქალბატონმა ელჩმაც თავის ხელი დაატყო ამ ურთიერთობებს, ვფიქრობ, ელჩიდან ელჩამდე მეგობრული ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ადის და ეს მხოლოდ მახრებს. ჩვენ ვფიქრობთ, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც 3 ათწლეულს ითვლის, უფრო განვითარებულიყო და უფრო ინტენსიური გამხდარიყო. დარწმუნებულო ვარ ახალი ელჩიც ახალ ხელწერას შეიტანს ამ ურთიერთობებში”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა არაფორმალურ მმართველობაზე კელი დეგნანის განცხადებას და აღნიშნა, რომ როცა მსგავს საკითხებზეა საუბარი, “ამ ყველაფერს უყვარს კონკრეტიკა".

მისი თქმით, საჭიროა კონკრეტიკა, თუ რა ფორმით, სად ჩაერია ივანიშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში „ყველაფერი არის ბელეტრისტიკა“.

„აი, სად, რა, როგორ, რანაირად ჩანს ამის ხელწერა, იმის ხელი, ყურში ჩურჩული - ამას სჭირდება კონკრეტიკა. თუ კონკრეტიკა არ იქნება, ვინც არ უნდა გამოთქვას პრეტენზია, ეს იქნება ელჩი, ოპოზიციონერი თუ მედიის წარმომადგენელი, ამას ჩემთვის არავითარი ფასი არ აქვს. კონკრეტიკა - როდის, რა ფორმით, ვისთან ჩაერია საქმის მოსაგვარებლად, გადასაწყვეტად, პოლიტიკური რჩევის მისაცემად ბიძინა ივანიშვილი, უნდა იყოს კონკრეტიკა, აბა, დანარჩენი ყველაფერი არის ბელეტრისტიკა და შეუძლიათ გააგრძელონ”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა