სამწუხაროდ, დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ მცდელობა, შეეცდინათ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენს ქალაქზე გული რეალურად შესტკივათ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, პროექტების დამტკიცების საკითხს თვეების განმავლობაში განიხილავენ, ამიტომ საზოგადოებამ არ უნდა იფიქროს, თითქოს გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღება.
მისივე თქმით, საკრებულო მიიღებს ყველა პროექტს, რომელიც თბილისის ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.
“სამწუხაროდ, დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენს ოპონენტებს ჰქონდათ მცდელობა, შეეცდინათ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენს ქალაქზე გული რეალურად შესტკივათ.
ქალაქში მნიშვნელოვანი ინვესტიციებია და შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, ისინი უნდა რეალიზდეს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება იმ რეგულაციებს, რომელიც ქალაქში მოქმედებს. დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული ეს პროექტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.
ბევრი უზუსტობა ითქვა, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის. თითოეული პროექტის განხილვა თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და არავინ იფიქროს, თითქოს გადაწყვეტილებას ერთ დღეში ვიღებთ. პროცესი მრავალთვიანია და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. იმ სურვილებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას აქვს, პროექტები რამდენჯერმე დაკორექტირდა.
ოპოზიციონერები დღეს მანიპულირებენ იმით, თითქოს ამ პროექტების უკან კონკრეტული სახელები და გვარები დგანან. ეს იმის დასტურია, რომ სამწუხაროდ, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და ქალაქის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას, რაც თბილისისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო იქნება”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.