თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25 შეემატა.
უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდა და საავიაციო საშუალებების განვითარების პროცესს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სასწავლო პროცესსაც დააკვირდა და განახლებული საფრენი აპარატის სატესტო ფრენას წყვილში შეუერთდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა.
„სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი. ასევე, მიმდინარეობს 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატების სარემონტო სამუშაოები. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.