დევნილთა სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, თბილისსა და ქუთაისში, დევნილი ოჯახებისათვის, საცხოვრებელი კომპლექსების მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებული 2400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება. მშენებლობა მაისში დაიწყო და 2 კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია.

720 ოჯახი განახლდება ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე, 3 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია ერთი კორპუსის კარკასის მშენებლობა.

სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება.

ზურაბ უტიაშვილი, ქუთაისში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა, რომლებსაც ბინები მიმდინარე წელს გადაეცათ - რამდენიმე თვის წინ, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 480-მა ოჯახმა მიიღო.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია