ცხადზე ცხადია, რომ უკრაინის გამარჯვება არის გეოპოლიტიკური ფანჯარა თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ერისთვის, ამიტომაც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ზელენსკის ძალიან კარგად ესმის, თუ რა ისტორიული ფანჯარაა ეს საქართველოსა და მოლდოვისთვის. ეს არ ესმით მხოლოდ პუტინის გოშიებს, რომლებიც, დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში არიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა იმის შესახებ, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, რუსული იმპერიის ამბიციები რეგიონში აღსრულდება თუ არ აღსრულდება, დღეს წყდება უკრაინაში.
„ყველა ადამიანისთვის, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნების თავისუფლებისთვის ამ რეგიონში და იბრძვის რუსული იმპერიის, პუტინის წინააღმდეგ, ცხადზე ცხადია, რომ უკრაინის გამარჯვება არის გეოპოლიტიკური ფანჯარა თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ერისთვის, ამიტომაც არის, რომ უკვე ათწლეულებია და უფრო მეტიც არის, რომ უკრაინელები და ქართველები რუსეთის წინააღმდეგ ერთმანეთის ომში იბრძვიან, თუმცა ისეთი გლობალური შანსი, როგორიც დღეს გამოჩნდა, როდესაც მთელი დასავლური სამყარო არის ჩართული და უკრაინას მაქსიმალურად ეხმარება, სამართლებრივ-პოლიტიკური დახმარების უმაღლესი ხარისხია, ეს უკვე არის ისტორიული ფანჯარა. აქამდეც იყო შემთხვევები, როცა უნა-უნსოს ბატალიონის მებრძოლები იბრძოდნენ საქართველოში, ქართველები იბრძოდნენ უკრაინაში. სამწუხაროდ, უკრაინაში უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ქართველია დაღუპული, მაგრამ ახლა ეს არის გადამწყვეტი მომენტი მთელი რეგიონისთვის, რატომ? - იმიტომ, რომ რუსული იმპერიის ამბიციები რეგიონში აღსრულდება თუ არ აღსრულდება, წყდება უკრაინაში. ამიტომაც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ზელენსკის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის, თუ რა ისტორიული ფანჯარაა ეს საქართველოსა და მოლდოვისთვის. არ ესმის ეს მხოლოდ პუტინის გოშიებს, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში არიან,“ - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, ის მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში იმყოფება.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში არის პუტინისტური რეჟიმი, დიახ, ყველა მახასიათებლით და ყველა მიდგომით, ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი. რატომ? მაგალითად, როგორც პუტინის გარემოცვის წევრები, მასთან დაახლოებული ოლიგარქები, მათი შვილებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის უცხოეთში ვილების ყიდვას ამჯობინებდნენ, ასევე, განათლების დასავლეთში მიღებას და საკუთარი მოსახლეობისთვის ემეტებოდათ მხოლოდ სიღარიბე, ემიგრაცია და არაადამიანურ პირობები, ასევეა ზუსტად საქართველოს შემთხვევაში. ვინც საქართველოს ხელისუფლებაშია, ის ადამიანები კრემლის ინსტრუქციებს ასრულებენ, არიან კრემლის თუთიყუშები, თუმცა სამაგიეროდ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის ემეტებათ კარგი და დადიან ამერიკაში. ეს არის ამორალურობა მსგავსი ტიპის რეჟიმების,“ - განაცხადა ფავლენიშვილმა.