ყველა დონეზე ჩვენ გვაქვს კორუფციული მმართველობა, რომელიც ერთობლიობაში ქმნის ოლიგარქიულ კლანს, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო ძალაუფლება და შედეგად ხდება, სწორედ სახელმწიფო რესურსების, საბიუჯეტო სახსრების მიტაცება, რასაც ეწირება საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეების ინტერესები, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ანიავებს და არამიზნობრივად იყენებს საბიუჯეტო სახსრებს, რაც არის დანაშაული.
„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ “ქართული ოცნება” სახელმწიფო რესურსებს, საბიუჯეტო სახსრებს იყენებს პირადი კეთილდღეობისთვის, კომფორტისთვის და იყენებს პარტიული ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, პარტიული აქტივისტების დასასაქმებლად მაშინ, როდესაც სხვა უამრავი გამოწვევა არსებობს სახელმწიფო, სოციალური მნიშვნელობის და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენება დღეს შედის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში, მაგრამ “ქართული ოცნება” და საქართველოს ხელისუფლება ანიავებს და არამიზნობრივად იყენებს ამ საბიუჯეტო სახსრებს, რაც არის დანაშაული და საქართველოს არსებული კანონმდებლობითაც ის პირები, რომლებიც იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ, რომ სახელმწიფო რესურსები იყოს მიმართული მათი პირადი კომფორტის, პარტიული ინტერესის გასატარებლად, არის დასჯადი.
თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი მართავს ქვეყანას სწორედ კორუფციული პირამიდის საფუძველზე. დიახ, ყველა დონეზე ჩვენ გვაქვს კორუფციული მმართველობა, რომელიც ერთობლიობაში ქმნის ოლიგარქიულ კლანს, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო ძალაუფლება და შედეგად ხდება, სწორედ სახელმწიფო რესურსების, საბიუჯეტო სახსრების მიტაცება, რასაც ეწირება საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეების ინტერესები.
უამრავი პრობლემა რჩება მოუგვარებელი და “ქართული ოცნება”, რომელიც არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელი, რომელსაც სურს შეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში, შეზღუდოს ოპოზიციის, მედიის განვითარება და, სწორედ ნიკა გვარამია ამ აბსურდული ბრალდებით ჰყავდათ პოლიტიკურ ტყვეობაში, როდესაც ყველა ჩინოვნიკი, თანამდებობის პირი სახელმწიფო და საბიუჯეტო რესურსებს ყოველდღიურად ანიავებს”, - აღნიშნა ურუშაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.