რამდენიმე წელიწადში ეს პროცესები შეიძლება შენელდეს და შემდეგ ძნელი იქნება იმ მატარებელში ჩასხდომა, რასაც ევროკავშირი ჰქვია, ერთადერთი, რაც ამას აფერხებს ეს არის „ქართული ოცნება“ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება.
ჩიხლაძის თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საჭიროა 12-პუნქტიანი რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმები და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება.
„იქნება ეს შარლ მიშელი თუ ევროკომისიის ლიდერები, ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები, აშშ-ს ლიდერები, ყველას გზავნილი არის მსგავსი და ისინი იმეორებენ, რომ საჭირო ნაბიჯების გადადგმის შემდეგ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს საჭირო ნაბიჯებია: 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმები და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ნება. სამწუხაროდ, არც რეფორმებია შესრულებული და პოლიტიკურ ნებაში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უახლოვდება რუსეთს და ჩინეთს და არა დასავლეთს.
მსოფლიოში აჩქარებულია გეოპოლიტიკური პროცესები, ამიტომ ახლა არის შესაძლებლობა იმისა, რომ წლის ბოლომდე გადამწყვეტი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. რამდენიმე წელიწადში ეს პროცესები შეიძლება შენელდეს და შემდეგ ძნელი იქნება ამ მატარებელში ჩასხდომა, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ერთადერთი, რაც ამას აფერხებს ეს არის „ქართული ოცნება“ ,- განაცხადა ჩიხლაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.
„გასულ ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.