ანტიკორუფციული ბიურო უკვე დეკლარირებულად აცხადებს, რომ მათი მთავარი სამიზნე არიან პოლიტიკური ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობა”, სხვა პროდასავლური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. „რუსული ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო კამპანია იქნება ოპონენტების დევნა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქციის აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადატანას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რუსული კანონი“ „რუსულმა პარტიამ“ საქართველოში ვერ მიიღო, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი აგრძელებს პოლიტიკას, რომელსაც ჰქვია ოპონენტების დევნა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ყველა იმ მოწინააღმდეგის განადგურების მცდელობა, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს მისი მმართველობა საქართველოში.
„ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ამ ამოცანებს ემსახურებოდა მაშინ, როცა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 12 პუნქტიან გეგმაში იყო სწორედ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება ანტიკორუფციული მიმართულებით, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც გამოიძიებდა რეალურად მაღალი თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების გადაცდომებს, ბოროტად გამოყენებას თანამდებობის, ძალაუფლების და კორუფციულ ქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ხელმძღვანელიც თავად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. დღეს ანტიკორუფციული ბიურო უკვე დეკლარირებულად აცხადებს, რომ მათი მთავარი სამიზნე არიან პოლიტიკური ოპონენტები, არის „ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პროდასავლური პარტიები, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ის პირი, რომელიც დგას სახელმწიფო ინტერესების მხარეს, დგას ქართველი ხალხის მხარეს და სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ნატო-ში გაწევრიანება, სურს მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, რაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის და მისი მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობით რუსეთის პუტინის ტერორისტულ რეჟიმთან არის წარმოუდგენელი. ეს დღეს ღიად დაადეკლარირა „რუსულმა ოცნებამ” საქართველოში, რომ მათი მთავარი წინასაარჩევნო კამპანია იქნება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და განადგურება, თუმცა, ჩვენ არც ანტიკორუფციული ბიუროსი, არც მათი რეპრესიების არ გვეშინია. არ გვეშინია არც დევნის, არ გვეშინია არც დაჭერის. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აუცილებლად მოვიტანთ გამარჯვებას საქართველოში და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ძალაუფლებას ვეღარ მიიტაცებს“, - განაცხადა ურუშაძემ.