გია ვოლსკი - „2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო“, ახლა შარლ მიშელი იტყვის, ევროკომისია კი ამბობს, რომ მუშაობის მიხედვით განსაზღვრავენ გაწევრიანებას - დამაბნეველი განცხადებები კეთდება, მაგრამ მთავარია ჩვენ არ დავიბნეთ

„2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო“, ახლა შარლ მიშელი იტყვის. ევროკომისია ამბობს, რომ მუშაობის მიხედვით განსაზღვრავენ გაწევრიანებას - დამაბნეველი განცხადებები კეთდება,- ასე ეხმიანება ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი.

მისივე თქმით, მთავარია „ჩვენ არ დავიბნეთ“.

„ევროსაბჭო, ისევე, როგორც ევროკომისია ევროკავშირის სტრუქტურას წარმოადგენს. თუკი ამ სტრუქტურებს ერთმანეთში არ აქვთ გარკვეული ტერმინოლოგია შეთანხმებული და ასეთი განცხადებები კეთდება, ეს დამაბნეველია. ირაკლი კობახიძემაც განაცხადა 2030 წლის თარიღთან დაკავშირებით და მეც ვეთანხმები, რომ დამაბნეველია, კომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომ ერთმანეთთან არ ჰქონიათ საუბარი, დამაბნეველია, არსებობს პასუხი ამაზე - „2030 წელი დაახლოებით თარიღად დავასახელეო“, ახლა შარლ მიშელი იტყვის, ესენი ამბობენ, რომ მუშაობის მიხედვით განსაზღვრავენ და შეიძლება 2030- მდეც მოხდეს და მას შემდეგაც -2040- ში. ასეთი მაგალითები გვაქვს, რომ ათეული წლებია კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები დგანან და ელოდებიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არის კიდევ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რამ უნდა განაპირობოს ევროკავშირის წევრობა და ა.შ. ასე რომ, მსჯელობა მიმდინარეობს, დამაბნეველი განცხადებებიც კეთდება, მაგრამ მთავარია ჩვენ არ დავიბნეთ. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, მყარად ვდგავართ ჩვენ პოზიციაზე, გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება ამჯერად და შემდეგ ინტენსიურად მუშაობის გაგრძელება, რათა ახლო პერიოდში გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრები,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ევროკომისია შარლ მიშელის 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე იდეას არ ეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს.

მისი თქმით, გაფართოებაზე განცხადებების გაკეთებისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციები არ გაიარა. სპინანტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია”.

„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად“, - განაცხადა სპინანტმა.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა