მამუკა მდინარაძე - ცოტა დამაბნეველია, რომ სხვადასხვა გზავნილები გვესმის ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან - რა დროშიც არ უნდა იყოს გაწერილი ევროკავშირის გაფართოება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპას დავუახლოვდეთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ცოტა დამაბნეველია, რომ ევროპელი მეგობრების მხრიდან სხვადასხვა სახის გზავნილები გვესმის“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რა დროშიც არ უნდა იყოს გაწერილი ევროკავშირის გაფართოება, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროპას დაუახლოვდეს.

„ცოტა დამაბნეველიც იყო ის, რომ 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გზავნილებია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან. ამას მნიშვნელობა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ საქართველოს. არიან კანდიდატი ქვეყნები, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, 10 წელზე მეტი დროა გასული, რაც ეს ქვეყნები მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან, მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი, მითუმეტეს, როდესაც ეს ბუნდოვანება შემოიტანა კონკრეტულმა თარიღმა, რომელიც ცუდი არ არის. ცოტა შორეული პერსპექტივა იყო 2030 წელი, მაგრამ როცა ევროპის აღმასრულებელი რგოლიც ამბობს, ესეც არ არის სწორი, რომ ასე კონკრეტული, ძალიან მკაფიო დრო დავასახელოთო, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანებაა, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველომ, რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროპას მეტად დაუახლოვდეს. ჩვენი გაცხადებული კონსტიტუციური მიზანია და ქართველი ხალხის სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ევროპული ღირებულებებით. ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით და არა მის გარეშე, როგორც ჩვენს ზოგიერთ ოპონენტს წარმოუდგენია. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, ოპოზიცია 2 ნაწილად არის გაყოფილი და მათ არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„მაშინ, როდესაც სინათლის სხივი გამოჩნდა და შეიძლება კანდიდატის სტატუსი მართლა მოგვანიჭონ, 100%-ით ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ როდესაც შანსი გამოჩნდა რეალურად და ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ შეიძლება მართლა მოგვცენ, აქ ატყდა პანიკა და 2 ჯგუფად გაიყვნენ. ერთი, რომელი ისევ ცდილობს საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამაზე ააგონ წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის გეგმები, მეორე ჯგუფი ასევე ცდილობს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამაზე ააგოს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული გეგმები. ამ 2 ჯგუფს შორის საერთო არის მიზანი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ და ვერ მიიღოს. სხვა შემთხვევაში, მათ გეგმები უქრებათ და ენგრევათ“,-განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროკომისია შარლ მიშელის 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე იდეას არ ეთანხმება. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტი ავრცელებს.

მისი თქმით, გაფართოებაზე განცხადებების გაკეთებისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციები არ გაიარა. სპინანტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია”.

„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ ფოკუსირებული ვართ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლოს მუშაობაზე, რათა ევროკავშირში შესვლისთვის იყვნენ მზად“, - განაცხადა სპინანტმა.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის