მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტი გამორიცხულია - ამისთვის გვჭირდება ოპოზიციის ხმებიც, ოპოზიცია და პრეზიდენტი კი დღეს ერთ ხმაში საუბრობს, ამიტომ ამ საკითხის დაძვრას არ ვაპირებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გამორიცხულია. აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც შესაბამის კითხვას უპასუხა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განმარტა, კონსტიტუციის დარღვევა არის იმპიჩმენტის საფუძველი, თუმცა იმპიჩმენტთან დაკავშირებით მმართველი პარტია საკითხს არ დაძრავს შემდეგი მიზეზის გამო - ყველა ხედავს, თუ როგორ იცავს „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს.

„იმპიჩმენტს რაც შეეხება, „მთავარი არხიც“ კი ანუ იგივე „ნაცმოძრაობა“ როგორ იცავს სალომე ზურაბიშვილს, ალბათ ხედავთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმპიჩმენტის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის ხმებიც. ოპოზიცია და პრეზიდენტი დღეს ერთ ხმაში საუბრობს, მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკური განშტოებები ანუ „ნაცმოძრაობა“, კლასტერი, ყველა ერთ ხმაში საუბრობს და დღევანდელმა დღემაც აჩვენა, როგორ უჭერს მხარს „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, იმპიჩმენტი გამორიცხულია, ამიტომ, იმ საკითხის დაძვრასაც, რაც თავიდანვე გამორიცხულია, აზრი არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აქვს პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა, მდინარაძემ აღნიშნული შემდეგი მიზეზებით ახსნა:

„ძალიან რომ გავამარტივოთ და ეს ყველაფერი პრიმიტიულ ენაზე დავიყვანოთ, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის შიგნით ცუდი რაღაცები ილაპარაკა ქვეყნისთვის, ქვეყნის გარეთ შემდეგ შეეცადა გამოესწორებინა და კარგი რაღაცები ილაპარაკა. ახლა ჩვენ უნდა ვიმკითხაოთ, მერე საქართველოს მთავრობამ უნდა იმკითხაოს - შიგნით ცუდს ამბობს და ამ ადამიანს, შეიძლება ჰგონია, რომ ქვეყნის შიგნით თუ რამეს იტყვის, ის ქვეყნის გარეთ არ გადის და ამას ვერავინ გაიგებს. წარმოიდგინეთ, თუ აქ მივდივართ, არ ვიცი, მაგრამ ერთხელ ქვეყნის შიგნით ცუდი თქვა, ქვეყნის გარეთ კარგი თქვა. ქვეყნის გარეთ რადგან კარგი თქვა, იქნებ, ახლაც კარგი თქვას, მაგრამ რომ არ თქვას კარგი? იქ ისევ დამაზიანებელი განცხადებები რომ გააკეთოს? ანუ ხვდებით, რა რისკებში არასერიოზულობაში შევდივართ? მაშინ, როდესაც ჩვენ მოსმენილი გვაქვს, რომ ხან ასე ლაპარაკობს, ხან ისე ლაპარაკობს. სხვათა შორის, ხალხის რეაქციამ უზრუნველყო, რომ ქვეყნის შიგნითაც კი, შედარებით გაასწორა მესიჯები, თუ გახსოვთ. რამდენიმე დღის შემდეგ, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შედარებით დარბილებული ჰქონდა საქართველოს საწინააღმდეგო მესიჯები, რაც პარლამენტში გაახმოვანა. რატომ იცით? იმიტომ, რომ მთელი იმ დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში, თუ სადაც შეიძლებოდა რეაქცია ოდნავ მაინც გაგეზომა, ქართული საზოგადოების რეაქცია უკიდურესად მძიმე იყო და ამ მძიმე რეაქციამ, როგორც ჩანს, გავლენა იქონია“, -განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სინამდვილეში, ქართული საზოგადოება ხედავს, ვინ, რას აკეთებს.

„ქართული ოპოზიცია, მისი ტელევიზიები და საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პირიქით, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ამ განზრახვის გაშიფვრა როდესაც მარტივად შეიძლება, მთავრობის არდათანხმებაც ლოგიკურია, მაგრამ ახლა , თუ წავიდა და საქმე გააფუჭა, მერე შეიძლება ცოტა გვიანიც იყოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება