ავიაკომპანია „ბელავიას“ დასანქცირება უნდა იყოს მკაფიო გზავნილი იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც დღეს ქართული დროშით
დაფრინავენ რუსეთში და ატარებენ რუსულ ინტერესებს საქართველოში, ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ ავიაკომპანია „ბელავიას“ დასანქცირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა არჩევანის წინაშეა, შეუზღუდავს თუ არა „ბელავიას“ საქართველოში ფრენას.
„ქართული ოცნება“ დგას არჩევანის წინაშე - გაიზიარებს თუ არა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ამ შემთხვევაში აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს და შეუზღუდავს ფრენებს ბელარუსის სახელმწიფო ავიარეისებს „ბელავიას“ საქართველოში ფრენას და ასევე საქართველოს ცით სარგებლობას. ეს არის არჩევანი, რომლის წინაშეც დიდი ხანია დგას „ქართული ოცნება“ და მას კიდევ ერთხელ მოუწევს დეკლარირებულად გადაწყვეტილების მიღება - დგას უკრაინის, ცივილიზებული სამყაროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის მხარეს თუ დგას რუსული ინტერესების და ტერორისტი პუტინის რეჟიმის მხარეს. ავიაკომპანია „ბელავიას“ დასანქცირება უნდა იყოს მკაფიო გზავნილი იმ ავიაკომპანიებისთვის, რომელიც დღეს ქართული დროშით დაფრინავენ რუსეთში და ატარებენ რუსულ ინტერესებს საქართველოში, ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში, ეკონომიკური პროცესების წარმართვაში, რომ მარტივად მოახერხონ დასავლური სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლა და ნაკლები ზიანის მიღება. დიახ, ეს საკითხი არის გადამწყვეტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს მკაფიო არჩევანი. ასევე, საქართველოში ავიაკომპანიები სარგებლობენ იმ პრივილეგიებით, რა პრივილეგიებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, რომ ჩვენთვის ყველა კარი ღიაა მსოფლიოს მასშტაბით; რომ ჩვენ ვართ ევროპის სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს ინტეგრირებული წევრები; რომ ჩვენ ვართ ევრონავიგაციის ნაწილში ევროკონტროლის წევრები; რომ საქართველოს ავიაკომპანიებს ქართული დროშით მფრინავ საჰაერო ხომალდებს შეუძლიათ იფრინონ ევროპის და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - ეს შესაძლებლობა არის ჩვენი მონაპოვარი ჩვენი საერთაშორისო მკაფიო ჩამოყალიბებული ხედვისა და სტრატეგიის საფუძველზე, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის გუბერნია. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, რომ მოვწყდეთ ცივილიზებულ სამყაროს და აღმოვჩნდეთ იმ რკინის ფარდის მიღმა, რომელი ფარდის მიღმა რუსეთი ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში იქნება; იქ, სადაც არ იქნება განვითარება, ეკონომიკა, არ იქნება არანაირი პერსპექტივა, იქნება მხოლოდ კორუფცია, ჭაობი, ნეპოტიზმი და განუვითარებლობა. ჩვენ დღეს ეს არჩევანი გვაქვს გაკეთებული, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის უდიდეს ნაწილს, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია გაიზიაროს ის სანქციები, რომელიც დაწესებულია დასავლეთის მიერ. ჩვენ ხშირად მოგვისმენია რიტორიკა, რომ საქართველო გამონაკლისად არ დაუწესებს სანქციებს არც რუსეთს, არც ბელარსს, რომელიც მთავარი პარტნიორია დღეს პუტინის ტერორისტული რეჟიმის, თუმცა გავიზიარებთ დასავლურ სანქციებს, იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მიიღებს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორი - შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ის დღეც დადგა, რომელიც დიახ, სააშკარაოზე გამოიტანს „ქართული ოცნების“ საერთაშორისო პოლიტიკას და მის დამოკიდებულებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით“, - განაცხადა ურუშაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.