ჩოხატაურში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები და საჯარო მოხელეები თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ნაცემია ათამდე ადამიანი და დაშავებულთა შორის არიან ქალებიც.
„ოზურგეთის და ჩოხატაურის წევრები საინფორმაციო ფლაერების დასარიგებლად და ხალხთან შესახვედრად ჩამოვედით, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერი ჩოხატაურში, რომლის ინტერესებიც ჩიგოგიძეს აქვს. ჩიგოგიძემ მისი მარჯვენა ხელის, ლაშა გიორგაძის მეთაურობით, თავისი კრიმინალური „ზონდერ“ დაჯგუფება დაორგანიზებული დაგვახვედრა, რომლებიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე ფიზიკურად თავს დაგვესხნენ, წარმოუდგენელი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს.
20 ადამიანი იყო დაახლოებით, კაცები, მხოლოდ ერთი ქალი იყო. ფიზიკურად გაუსწორდნენ დათო მჟავანაძეს და აჩიკო სიხარულიძეს, ჩოხატაურის საკრებულოს წევრს. ქალიც, კაციც ფიზიკურად იწეოდა და პოლიცია ვერ აკავებდა. ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი ყველა დონეზე, მათ შორის პოლიციის დონეზეც, რადგან ვერ დაამაგრეს ეს „ზონდერ“ დაჯგუფებები“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.