„ქართული ოცნება“ ფარისევლურად ეფარება კონსტიტუციას, თითქოს, დიდი დამცველები არიან - მათი მიზანია, მედვედევის, პუტინის გულის მოგება, რომ უთხრან „ეს ქალბატონი {სალომე ზურაბიშვილი} არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებას, გაპარულია ჩვენგან“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რა ნამუსით ითხოვს „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას.
„იმის გამო, რომ პრეზიდენტი ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მართავს შეხვედრებს, აქ დაიწყეს იმპიჩმენტის პროცედურა. მოიტანეს ახალი არგუმენტი, რომ მთავრობა არ ეთანხმება იმ რიტორიკას, რომელიც პრეზიდენტს აქვს, ამიტომ არ უშვებენ ევროპაში. ჩვენი ქვეყანა ეთანხმება თქვენ რიტორიკას, რომ რუსები შემოიყვანეთ საქართველოში? ეთანხმება იმას, რომ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს იმის გამო, რომ 12 პუნქტი არ შეასრულეთ? იმას ეთანხმება, რომ ყოველდღე ასობით ათასი მოქალაქე გარბის ქვეყნიდან? საქართველოს მოქალაქე ეთანხმება, რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, როდესაც სკოლაში დადის? ვერ ვხვდები, რა ნამუსით ითხოვთ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას, რა გააკეთეთ, რომ სადმე გაგიშვათ კი არა, საერთოდ ხელისუფლებაში დარჩეთ. მარტივია, თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდება, ეს იქნება საქართველოში პუტინის ოცნება, მათი ოცნებაა, რომ ყველა პროდასავლურად განწყობილი ქართველი დასჯილი იყოს. „ქართული ოცნება“ ფარისევლურად ეფარება კონსტიტუციას, თითქოს, დიდი დამცველები არიან, არადა ქართველ ხალხს გადაახიეს კონსტიტუცია წლების წინ, როდესაც ქართველი ხალხის ნაცვლად, ძალაუფლებას ივანიშვილი ფლობს... „ქართული ოცნება“ იფარებს კონსტიტუციას, თითქოს დიდი დამცველები არიან, სინამდვილეში მათი მიზანია, მედვედევის, პუტინის გულის მოგება, რომ უთხრან ეს ქალბატონი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებას, გაპარულია ჩვენგან“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, იკვეთება, რომ „სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს რუსულ ჭაობში ჩაყვეს რუსულ ოცნებას და ცდილობს დისტანცირება მოახდინოს ჭაობში ჩაძირული რუსული ოცნებისგან“.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ოპოზიციამ მოსთხოვოს სალომე ზურაბიშვილს, რომ ხმების სანაცვლოდ გაათავისუფლოს, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ის გამორიცხავს საქართველოს ინტერესების ხარჯზე ვინმეს გათავისუფლებაზე კონსულტაციას.
„არ ვიცი, ჩვენ კონსულტაციები არ გვქონია. მე, როგორც ერთი ადამიანი, გამოვრიცხავ საქართველოს ინტერესების ხარჯზე ვინმეს გათავისუფლებაზე კონსულტაციას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსპირაციის წინააღმდეგ თავად მიხეილ სააკაშვილი იქნება. ერთ მხარეს თუ დგას ევროპაში ინტეგრაციის საკითხი და მეორე მხარეს სააკაშვილის გათავისუფლება, მგონია, რომ თავად სააკაშვილი დაუჭერს მხარს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.