იმედი მაქვს, 2024 წლის არჩევნები სამართლიანი იქნება, მაგრამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რთული ისტორია აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება!" - ესწრება.
„საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება ძლიერი მცდელობა, მათ შორის აშშ-ის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ გრძელვადიან და მოკლევადიან საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, ასე რომ შევძლებთ იმის შეფასებას, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ისევე როგორც არჩევნების დღე. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან დიდი ყურადღების შედეგად ჩვენ ვნახავთ სამართლიან არჩევნებს, მაგრამ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით რთული ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, 2011-ში და 2012-ში ჩვენ ვნახეთ ერთი პარტიის მიერ მეორისთვის ძალაუფლების გადაცემა. მას შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. არჩევნების შემდეგ ვნახავთ, დარჩებიან თუ არა ისინი ხელისუფლებაში. ეს დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე", - აღნიშნა კრამერმა.
მისი თქმით, საქართველოში ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.
„არ მინდა არჩევნების წინასწარ, მის ჩატარებამდე განსჯა, მაგრამ ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ პირებს ეკისრებათ, ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - აღნიშნა კრამერმა.