ჰიუგ მინგარელი - თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს ადამიანებს, რომლებსაც სურთ პატივი სცენ ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ

თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს ადამიანებს, რომლებსაც სურთ პატივი სცენ ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ მათ დაუახლოვდნენ და საბოლოოდ ინტეგრირდნენ ევროკავშირში, - ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა ჰიუგ მინგარელიმ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროკავშირისკენ სავალ გზაზე უნდა იყოს თუ არა საქართველოს მიმართ გამოყენებული იგივე მსჯელობა, როგორიც უკრაინის შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მდგენელი ტექნიკურ საკითხებზე მეტად პრიორიტეტულია.

ამასთან, როგორც უკრაინაში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა განმარტა, თავად ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მათ ისეთ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, როგორიც დასავლეთ ევროპაშია.

„ჩვენ თითოეულ ამ ქვეყანაში ხალხს უნდა ვკითხოთ, სურთ თუ არა იცხოვრონ იმგვარ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლეთ ევროპაში, თუ სურთ იმგვარ საზოგადოებაში - როგორიც არის რუსეთში. თუ ისინი იტყვიან, რომ მათ სურთ იმგვარ საზოგადოებაში ცხოვრება, როგორიც ეს რუსეთშია, პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევანს და საშუალება უნდა მივცეთ საქართველო იქნება ეს, უკრაინა, მოლდოვა თუ ბელარუსი, რომ შეუერთდნენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს. თუ ხალხის უმრავლესობა უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში ამბობს, რომ მათ სურთ იცხოვრონ იმგვარ გახსნილ საზოგადოებაში, როგორიც არის დასავლეთ ევროპაში, ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ თქვენ მალე მიიღებთ კანდიდატის სტატუსს და თქვენ უნდა წარმოაჩინოთ, რომ ერთგულები ხართ და პატივს სცემთ ჩვენს ძირითად ღირებულებებს. უნდა აღვნიშნო, რომ 4 თუ 5 ძირითადი ღირებულებაა, რომელსაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი პატივს არ სცემს, თქვენ უნდა წარმოაჩინოთ, რომ პატივს სცემთ ამ ღირებულებებს და გექნებათ საშუალება, პროგრესულად მოახდინოთ ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩემი პასუხია, რომ საქართველოს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ იგივე მსჯელობა, როგორიც გვაქვს უკრაინის შემთხვევაში და თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს ადამიანებს, რომლებსაც სურთ, პატივი სცენ ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ მათ დაუახლოვდნენ და საბოლოოდ ინტეგრირდნენ ევროკავშირში“,- განაცხადა ჰიუგ მინგარელიმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს