„ქოცებმა“ პირველად ჩაუგდეს ხელში მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი - სააკაშვილზეა დამოკიდებული პოლიტიკურ ვაჭრობას დააპირებს თუ არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებული განცხადებები, რომ „ადამიანებით ვაჭრობას არ აპირებენ“, რელევანტური არაა, რადგან სინამდვილეში იმპიჩმენტის შეწყალებაში გაცვლა პოლიტიკური ვაჭრობაა და მასში თავად პრობლემას ვერ ხედავს.
„იმედია, საკონსტიტუციო სასამართლოში მოიძებნება ხალხი, რომელიც არ ემორჩილება პოლიტიკურ გავლენას, კონსტიტუციის შინაარსობრივად წაკითხვის გამბედაობა ექნება და არა ფორმალისტური. დანარჩენს რაც შეეხება, ვნახოთ, რას იზამენ ჩემი კოლეგები, „ნაცმოძრაობის“ გარეშე ეს არ გამოვა და მიხეილ სააკაშვილზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. „ქოცებმა“ პირველად ჩაუგდეს ხელში მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი, რომელიც იქამდე არ ჰქონდა, გამოიყენებს თუ არა, დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით განცხადებები აჩვენებს, რომ არ აპირებენ, კარგია, რომ ასეა, მაგრამ მე არ ვიქნებოდი ბოლომდე დარწმუნებული.
ადამიანებით არავინ ვაჭრობს, თვითონ მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული პოლიტიკურ ვაჭრობას დააპირებს თუ არა, სააკაშვილი სულ პოლიტიკური ვაჭრობით იყო, მგონი, დაკავებული, თვითონ პოლიტიკა ზოგადად ამაში მდგომარეობს. იმპიჩმენტი გაცვალო შეწყალებაზე, ეს არ არის მგონი პრობლემა. იმპიჩმენტი რომ 500 პატიმრის შეწყალებაზე იცვლებოდეს, ამ პატიმრების ახლობლები უკმაყოფილოები იქნებოდნენ? ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, არაფერ შუაშია სიტყვები „ადამიანებით ვაჭრობა“, მიხეილ სააკაშვილი თავის თავს რასაც უნდა იმას უზამს და თუ თვითონ ჩათვლის, რომ ღირს ასეთ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლა, რომ ციხიდან გამოვიდეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მგონი, ვერავინ გააჩერებს,“- განაცხადა რაქვიაშვილმა.