გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. პირველი ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს, კონსტიტუციას და კანონმდებლობას - თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს და კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ან თუნდაც უცხოელ მეგობრებს რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველო ევროკავშირის სტატუსს არ იმსახურებდა. კალაძის შეფასებით, „როდესაც ასეთი ადამიანი ევროპაში მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედებს“
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, როდესაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, მან თავიდანვე აღნიშნა და თქვა, რომ იმპიჩმენტი გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდება. ჩვენ ვიცით, თუ რა არის ეს მიზეზები. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. პირველი ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს და კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ან თუნდაც უცხოელ მეგობრებს რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდია.
რა შუაშია წაგება-მოგება, აქ არის ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ პატივისცემაზე საუბარი, კანონის პატივისცემაზე საუბარი და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შენი ქვეყნის მოსახლეობის პატივისცემაზეა საუბარი. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს, რომელიც იცავდეს კონსტიტუციას, თავად არღვევდეს კონსტიტუციას? უბრალოდ გაუგებარია.
კონსტიტუციაში თეთრით-შავზე წერია, რომ როდესაც პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, განაცხადი გაკეთებული იყო, იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონდა სურვილი, უცხოეთში გამგზავრების და მან უარი მიიღო (ახსნა-განმარტებებიც გაკეთებული იყო). ეს არის ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაწერილია, თუ რომელი თანამდებობის პირი, როგორ მოქმედებს, რა უფლებამოსილება აქვს. თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავარღვევთ ქვეყანაში ქაოსი იქნება და წარმოუდგენელია ეს მიდგომები და დამოკიდებულებები. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს, რომ ამ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ქვეყანამ შესაბამისი ბენეფიტები მიიღოს. კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ევროპას, ევროკავშირს და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ასევე, ჩვენ პრეზიდენტის განცხადებები უნდა გავიხსენოთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, როდესაც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს, როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმოქმედებს“, - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ ფიქრობთ სალომე ზურაბიშვილი ცუდი პრეზიდენტია, კალაძე ამბობს, რომ „საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს, თუ ვინ როგორ მუშაობს შესაბამის თანამდებობაზე“.
„ეს უნდა შეაფასოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, თუ ვინ როგორ მუშაობს შესაბამის თანამდებობაზე, თუ როგორ მუშაობს კონკრეტული პოლიტიკოსი. ჩემი მხრიდან გაკეთებული შეფასება სწორი არ იქნება. შეიძლება არ ვიყო ობიექტური, ამიტომ სჯობს მოსახლეობამ შეაფასოს“, - აღნიშნა კალაძემ.