"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი კარგი სიგნალია საქართველოსა და ასევე, რუსეთისთვის, რომ ამ ქვეყნის მიტოვებას არავინ აპირებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბორელის ვიზიტის ძირითადი გზავნილი ისაა, რომ საქართველოსთან მიმართებით არ კარგავენ იმედს, "რომ საქართველო, საბოლოო ჯამში, დაადგება სწორი განვითარების გზას".
„თავისთავად, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია. ძირითადი გზავნილი ისაა, რომ საქართველოსთან მიმართებით არ კარგავენ იმედს. არ კარგავენ იმედს, რომ საქართველო, საბოლოო ჯამში, დაადგება სწორი განვითარების გზას, გაატარებს იმ რეფორმებს, რა რეფორმებსაც ჩვენგან ითხოვს დასავლეთი და ეს რეფორმები მათ შორის 12 პუნქტშია გაწერილი. მოლოდინი მაქვს, რომ "ოცნება" ეცდება ეს ვიზიტი გამოიყენოს საკუთარი პიარისთვის და ეცდებიან დახატონ სურათი, თითქოს, ყველაფერი კარგად აქვს დასავლეთთან და ევროპასთან თითქოს პრობლემა არაა. ამას ეცდებიან. თავისთავად ის, რომ ბორელი და ასეთი მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში ჩამოდის, კარგი სიგნალია ჩვენთვის, მათ შორის რუსეთისთვის და მათთვის დასანახად, რომ ამ ქვეყნის მიტოვებას არავინ აპირებს",-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა.