ოქტომბერში ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება, რომლის ნაწილიც საქართველო პირველად იქნება, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისია იმ პროგრესს შეაფასებს, რასაც ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია და მათ შორის, იმ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, რომელიც საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან ერთად მიეცა.
„გასული ერთი წლის განმავლობაში, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისათვის, რომ რეკომენდაციების შესრულებისას საკანონმდებლო პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური, შედეგიანი და ზოგადად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. მიუხედავად იმ ხელოვნური ბარიერებისა, რომელსაც ასე მონდომებით ქმნის ოპოზიციურ ფლანგზე წარმოდგენილი პოლიტიკოსების ნაწილი, უნდა ითქვას, რომ ყველა მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული და მოველით, რომ შეფასებებიც იქნება ობიექტური და სამართლიანი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან გასული, ერთი წლის განმავლობაში, ინტენსიური მუშობა ხორციელდება სხვადასხვა ფორმატში. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების პარალელურად, ხორვატიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, დანიის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების შემდეგ, საქართველოს რამდენიმე დღეში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვევა.
„ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცე გამოხატვაა და ასევე კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე გვქონდეს დიალოგი ევროკავშირთან ამ მნიშვნელოვან მომენტში. დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს და აღარ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და ქვეყანას დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცხადია, საქართველოს პროგრესის სრული უგულვებელყოფა შეუძლებელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.